ფორმულა 1-ში მის კარიერას ხიფათი შესაძლოა ნავთობის გაუფასურებამ შეუქმნას. ამის მიზეზი ისაა, რომ ვენესუელას სახელმწიფო ნავთობ კომპანია PDVSA ვერ ახერხებს იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჯერ კიდევ „ლოტუსთან“ ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ვალდებულებები 50 მილიონი დოლარია.
ახალი წლის შემდეგ, „რენოს“ ფ1-ის გუნდის ხელმძღვანელობა ვენესუელაში იმყოფებოდა, სადაც შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილებოდა. ფულის გარდა, ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ გუნდი რებრენდინგს იწყებს, ამასთან მოზიდული ჰყავს ახალი სპონსორები და შესაძლოა, PDVSA-სთვის მანქანაზე ადგილიც აღარ დარჩეს. პრობლემა იქმნება მანქანის ფერთან დაკავშირებითაც. ის აუცილებლად შეიცვლება და დომინანტი ყვითელი გახდება, რომელთანაც PDVSA-ს წითელი შეუთავსებლად ჩანს. მართალია, 50 მილიონის წინააღმდეგ, ეს არგუმენტი არ გამოდგება, მაგრამ ფრანგული გუნდი ამით იმაზე მიანიშნებს, რომ საქმის გაჭიანურების შემთხვევაში, PDVSA-სთვის მანქანაზე ადგილი აღარ დარჩება.
თუ მალდონადო ადგილს დაკარგავს, მის ადგილს ალბათ „მაკლარენის“ ყოფილი პილოტი, დანიელი კევინ მაგნუსენი დაიკავებს, რომელიც თავისუფალ პილოტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. „რენომ“ უკვე გააფორმა კონტრაქტი ბრიტანელ ჯოლიონ პალმერთან, რომელიც „ჰაასში“ გადასულ ფრანგ რომენ გროჟანს შეცვლის. მეორე პილოტის ვინაობას კი გუნდი ალბათ ახალი ბოლიდის წარდგენამდე გაგვაცნობს.
სხვათა შორის, „რენოს“ პრესმდივანი გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ გუნდს მალდონადოსთან კონტრაქტი აქვს. ოღონდ, იმასაც დასძენს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ რბოლამდე, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს კიდეც. სხვათა შორის, „რენომ“ საკუთარი ოქსფორდშირული საწარმო დაათვალიერებინა მაგნუსენს. თუმცა ბევრი ამბობს, რომ ასე ფრანგული გუნდი PDVSA-ზე ახდენს ზეწოლას, რათა ვენესუელელბისგან, კონტრაქტით კუთვნილი ფული მიიღოს.







