ბელგრადში არაოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სერბ კოლეგა – ივან უდოვიჩიჩთან შეხვედრა გამართა. ამ ინფორმაციას სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
მხარეები ერთმანეთს სერბეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეხვდნენ და ურთიერთობის სამომავლო გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სერბეთის დედაქალაქში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატს ესწრება, სადაც 16 საუკეთესო ნაკრებს შორის საქართველოს ეროვნული გუნდიც მონაწილეობს.
ხეჩიკაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სერბეთისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება და საერთო პროექტები არა – მხოლოდ წყალბურთში, არამედ სპორტის სხვა სახეობებშიც და ასევე ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მენეჯერი ლევან ბერიშვილიც.
აღსანიშნავია, რომ სერბეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ივან უდოვიჩიჩი წლების მანძილზე წარმატებული წყალბურთელი გახლდათ. ის 2-გზის მსოფლიოს და ასევე ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორია სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები მოგების გარეშე დაასრულა და ახლა, თამაშს „პლეი ოფში" აგრძელებს. დღეს, ქართველი წყალბურთელები მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდს, უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.