ჰოლანდიის ერედივიზიონში თავისი მე-7 გოლი გაიტანა ვალერი ყაზაიშვილმა, რომელმაც გასვლაზე “კამბურის” კარი დალაშქრა. ქართველმა შემტევმა შეხვედრა ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 90-ე წუთზე, გატანილი გოლის შემდეგ შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი, რომელიც მილოტ რაშიცამ შეაგდო, უშუალოდ ვაკოს აქტიურობას მოჰყვა. კერძოდ, ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და რაშიცამ დამატებაზე იხეირა. თავად გოლს რაც შეეხება, 22 წლის ქართველმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და გატანა აღარ გასჭირვებია (იხილეთ გოლი). “ვიტესის” მეორე ქართველი ლეგიონერი გურამ კაშია, კვლავას თადარიგში იმყოფებოდა და მოედანზე მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთზე, სწორედ ყაზაიშვილის ნაცვლად გამოჩნდა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ “ვიტესს” 31 ქულა დაუგროვდა და 18 ტურის მერე მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ჯაბა კანკავას “რეიმსი” საფრანგეთის ლიგა 1-ში გამარჯვებას ისევ შენატრის (მიჯრით ხუთი მოუგებელი თამაში). ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ამჯერზე სტუმრად “აიაჩოს” ვერ მოუგო და მხოლოდ ფრეს (2:2) დასჯერდა. არადა, “რეიმსი” წარმატებასთან ახლოს იყო, რადგან 72-ე წუთამდე იგებდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრდაიციულად ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და არც შეუცვლიათ. ჯაბამ შეხვედრა ყვითელი ბარათის გარეშე ჩაატარა. “რეიმსი” კი ამასობაში მე-17 ადგილამდე დაეშვა 22 ქულით და გასავრდნი ზონა ერთ ნაბიჯშია. კანკავას კი საფრანგეთის მთავარ ლიგაში 13 ჩატარებული მატჩი დაუგროვდა.
საბერძნეთის სუპერლიგაში ახალი გუნდის შემადგენლობაში ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა გიორგი მერებაშვილმა, რომელიც “ლევადიაკოსს” ერთი თვის წინ შეუერთდა. გიორგის თუ ერთი კვირის წინ "ოლიმპიაკოსთან" სათამაშო დროის 45 წუთი დაეთმო, ამჯერად “ირაკლისთან” საშინაო მატჩში 57-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, როცა ანგარიში 1:1 იყო და მერე აღარ შეცვლილა. “ლევადიაკოსი” 17 ტურის შემდეგ 23 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.
კვიპროსის I დივიზიონში ფამაგუსტას “ანორთოსისმა”, რომლის რიგებშიც გიორგი აბურჯანიას წასვლის შემდეგ მხოლოდ ერთი ქართველი, ირაკლი მაისურაძე დარჩა, სტუმრად “აია ნაპას” 7:1 მოუგო. მაისურაძემ შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. იმ დროისთვის კი ფამაგუსტელები 5:1 იგებდნენ. “ანორთოსისს” 19 ტურში 42 ქულა გააჩნია და მეორედ ადგილზეა, ლიდერ “აეკს” კი 3 ქულით ჩამორჩება.