დასასრულს მიუახლოვდა დაკარის წლევანდელი რბოლა. გასამართი დარჩა მხოლოდ დღევანდელი ეტაპი, რომელმაც სათუოა, კლასიფიკაციაში ლიდერთა განლაგება შეცვალოს. პირველ ადგილზე, „პეჟოს“ ფრანგი მრბოლი სტეფან პეტერანსელია, რომელიც უახლოეს მდევარს, დაკარის მოქმედ ჩემპიონს ყატარიდან, ნასერ ალ-ატიას (მინი) 40 წუთს უგებს. მესამე ადგილზე სამხრეთაფრიკელი გინიელ დე ვილიერსია, ვინც ალ-ატიას 27 წუთით ჩამორჩება.
მე-11 ეტაპზე ალ-ატიამ გაიმარჯვა. მისთვის ეს მიმდინარე დაკარზე მოპოვებული მეორე გამარჯვებაა, რამაც ლიდერთან ჩამორჩენის ოდნავ შემცირების საშუალება მისცა. მან ფინიშთან თითქმის ექვსი წუთით მიასწრო სებასტიან ლოებს, რომელსაც კვლავ პრობლემები ჰქონდა და ფინიშთან ბუქსირით, თანაგუნდელ სირილ დესპრეს დახმარებით მივიდა. მესამე ადგილი მიკო ჰირვონენმა (მინი) დაიკავა.
კარგა ხანს, ალ-ატიას, ლოებს და პეტერანსელს დაახლოებით თანაბარი დროები ჰქონდათ. ლოებს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ფინიშამდე სულ რაღაც, 2 კილომეტრით ადრე, მისი მრავალტანჯული მანქანა გაჩერდა. ბედად, მალე დესპრე გამოჩნდა, რომელმაც ლოები ხელში თოკით დაინახა და მაშინვე მიხვდა, რომ მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს დახმარება სჭირდებოდა. მოკლედ, ლოებმა ფინიშს თოკზე გამობმულმა მიაღწია და ასეც მეორე დრო დააფიქსირა.
მე-12 ეტაპზე კი ჰირვონენმა გაილაღა. დაკარის დებიუტანტმა, რალი მარათონზე პირველი ეტაპი მოიგო. 481-კილომეტრიანი ეტაპის ფინიშზე, მან სულ რაღაც ცხრა წამით მიასწრო ალ-ატიას, რომელმაც პეტერანსელთან ჩამორჩენა თითქმის 11 წუთით შეამცირა. ყატარელს გამარჯვების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ პეტერანსელს ძალიან არ გაუმართლებს.
კლასიფიკაცია 12 ეტაპის შემდეგ
- სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, პეჟო) 43:27:42
- ნასერ ალ-ატია (ყატარი, მინი) 40:59
- გინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, ტოიოტა) 1:07:6
- მიკო ჰირვონენი (ფინეთი, მინი) 1:11:42
- ლეროი პოულტერი (სამხ.აფრიკა, ტოიოტა) 1:36:16
- ნანი რომა (ესპანეთი, მინი) 1:46:16
- სირილ დესპრე (საფრანგეთი, პეჟო) 1:55:05
- ვლადიმირ ვასილიევი (რუსეთი, ტოიოტა) 2:04:49
- სებასტიან ლოები (საფრანგეთი, პეჟო) 2:22:46
- ჰარი ჰანტი (ბრიტანეთი, მინი) 3:08:58







