ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იანვრში მოჰამედ ელნენის შემდეგ ტრანსფერს აღარ გეგმავს. ფრანგი სპეციალისტი ნდობას უცხადებს დანი უელბეკს, რომელიც გუნდს თებერვალში დაუბრუნდება.
ვენგერს სჯერა, რომ უფრო მნიშვნელოვანია უელბეკზე ორიენტირება, რომელიც აპრილიდან ტრავმირებულია და ასევე იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მოედანს ტერფმოშუშებული ჯეკ უილშირი.
"პირადად ჩემთვის იდეალურია, რომ უკან დავიბრუნო ტრავმიდან გამოსული ფეხბურთელი, ვიდრე ისევ ბაზარზე „ვიწანწალო". უელბეკზე უკეთესს ვერავის შევიძენ. მირჩევნია ძველი, თუნდაც სრულ ფორმაში არმყოფი ფეხბურთელი, ვინმე ახლის ძებნას." - განაცხადა ვენგერმა.
წლების წინ „მეთოფეთა“ თავკაცმა კონტრაქტი იანვარში თეო უოლკოტს გაუფორმა, ერთი დეკადით ადრე, ვიდრე ფორვარდს 16 წელი შეუსრულდებოდა.
უოლკოტს ბრწყინვალე კარიერა ელოდა, თუმცა ტრავმების გამო მხოლოდ 2014/15 წლების სეზონში მოიგო თასი და შემდგომ წინსვლაში ხელი შეეშალა. ვენგერს მაინც სჯერა რომ ახლა, 26 წლის ასაკში, ის საუკეთესო ფორმაშია.
"16 წლისა მოვიდა ჩვენთან და პრემიერლიგაში უთამაშებლად მსოფლიოს თასზე საასპარეზოდ გავიდა" – აღნიშნა ვენგერმა.
"ნდობას იმიტომ ვუცხადებ, რომ იგი ბოლო ხანებში ქებამ არ წაახდინა, ცაში ფრენა არ დაუწყია და ჩვენს შენიშვნებსაც ითვალისწინებდა. მას ჰქონდა წარმატებებიც და ჩავარდნებიც ტრავმების გამო, თუმცა ამ გასაჭირმა ის მენტალურად და ფიზიკურად კიდევ უფრო გააძლიერა!
შემდეგი ხუთი წელი მისთვის იქნება აბსოლუტურად გადამწყვეტი. "არსენალი" ის ადგილია, სადაც შეგიძლია სრულყო საკუთარი კარიერა 26-დან 31, 32 წლამდე. ეს ის გარემოა, სადაც კარგი ფეხბურთელი უდიდესი ხდება." – განაცხადა ვენგერმა.







