“ველიკი” ტიგრან მესამეს დიდი სომხეთის ალაგმვა ისე არ განუცდია, როგორც კრიშტიანუ რონალდუმ ოქროს ბურთის (უფალმა უწყის მერამდენე) ვერმოგება განიცადა. ყოველ შემთხვევაში, მავანნი ირწმუნებიან, იმ ნავსიანი გალა-დაჯილდოვების შემდეგ, რონალდუს სახლიდან ხმა გამოდიოდა: “ასტვაწ ინჩუ ჰამარო”. ეს აბა უბრალო ამბავია?
პოსტკაეშნური რელაქსაციის ყველას თავისებური მეთოდი აქვს. მაგალითად, სრულიად იმერეთი კაეშანს ალი ბაბას ლეგენდარული ხაშით ებრძვის, ლიხსაქეთ კი, ხალხს საამისოდ ბორის ბედიას შემზარავი სიმღერები აურჩევია. აი კრიშტიანუ რონალდუს საუკეთესო რელაქსაცია თურმე ახალი ავტომობილების შეძენა ყოფილა. ახლა დადის ეს ბეყე პორტუგალიელი, ახალ-ახალ მანქანებს ყიდულობს და შიგანში დატრიალებული ცეცხლის ალები გულსა და ჯიგარს ულოკავენ.
მართლაცდა რა უცნაური და მძიმე წელი ქონდა ამ ბიჭს. მარტი ის რად ღირს, რომ ირინა შეიკი გაუშვა ხელიდან და მიუხედავად იმისა, რომ ამავე ხელებით შემდეგში არაერთი ასული ჩაბღუჯა, მაინც როგორ გინდა ადვილად გადაიტანო უშეიკობა... მერე ოქროს ბურთი კვლავ ამ ოხერ-ტიალ ლეო მესის დარჩა, ამის მერე აბა მოდი და ნუ გაუგებ რონალდუს. კაცია და გული ტკივა, აბა სხვა რა უნდა ტკიოდეს?!..







