რაგბი

19:46 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ილია ზედგინიძე ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს შეხვდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, “ბორჯღალოსნების” ვეტერანი და მწვრთნელი ილია ზედგინიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა და ხვალ ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს შეხვდება, პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო 20 იანვარს საკუთარ პროგრამას წარადგენს.

სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ 2015 წლის მიწურულს უნდა გამართულიყო, მაგრამ გამგეობის განცხადების შემდეგ, ორმა კანდიდატმა - სრკ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და კიდევ ერთმა ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.

30 დეკემბერს საპრეზიდენტო კანდიდატად საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გოჩა სვანიძე დარეგისტრირდა, რომელიც საკუთარი პროგრამის წარდგენას ხვალ, 15 იანვარს დიდუბეში, მე-6 პავილიონში გეგმავს. მანამდე, 11 საათზე, სასტუმრო “ციტადელში” (აჯიაშვილის 20, მეტეხის ხიდის პირდაპირ, ნარიყალაზე ასასვლელ გზაზე) ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს ზედგინიძე შეხვდება.

ზედგინიძე აბუსერიძის გუნდის წევრია და ის 10-მა სუბიექტმა წარადგინა. ესენი არიან რუსთავის “ხარები”, თბილისის “არმაზი”, “ივერია”, “ტორნადო”, თიბისი-უნივერსიტეტი, “ლომები”, ვეტერანთა რაგბის კავშირი, ქვიშის რაგბის კავშირი, “ვეფხვები”, “ფირალები”.

საქართველოს რაგბის კავშირის კანდიდატად დარეგისტრირების ბოლო ვადა 18 იანვარია (13 საათი). არჩევნები 24 იანვარს, თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გაიმართება.

0.118863