როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებშიც მწვრთნელებს ექნებათ არა ფიქსირებული ხელფასი, არამედ ხელფასს პლუს პრემია შედეგის მიხედვით.
კობიაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ეროვნული ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავა, მწვრთნელს უფრო მეტი გასამრჯელოც გამოუვა, ვიდრე აქამდე იღებდა. თუმცა ხელფასი ნაკლები იქნება.
სფფ-ის პრეზიდენტმა თქვა, ჯერ კახა ცხადაძის პასუხს ველითო. შესაძლოა ნაკრებში მოხდეს კონკრეტულ მატჩებზე მოგების შემთხვევაში პრემიის დაწესება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე კობიაშვილს ვკითხეთ და გვითხრა, ამ სისტემის ჩამოყალიბებაზე ვფიქრობთო.
ანუ, ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ნაკრებმა მოიგოს, მაგალითად, ავსტრიაში, ან უელსში, მაგრამ მესამეზე ვერ გავიდეს, თუმცა ამ მოგებულ თამაშებზე ბონუსები იყოს დაწესებული.
საერთოდ, ეს მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული სისტემაა, რაც ევროპის ბევრ ეროვნულ ნაკრებშია აპრობირებული. თუმცა რამდენად დათანხმდება ცხადაძე, ეს მეორე საკითხია.