ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური კომიტეტი, რომელიც თამაშის წესებში ცვლილებების შეტანაზე მსჯელობს, საინტერესო წინადადებებით წარსდგა და მათგან ერთ-ერთი, შესაძლოა, რევოლუციური გახდეს. ამ საკითხზე დიდი ხანია მსჯელობენ, ახლა კი, გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, მსაჯებს შესაძლოა ვიდეოგამეორებების ხილვის და გადაწყვეტილებების ასე მიღების საშუალება მისცენ.
ამის შესახებ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ და უეფას მსაჯთა კომიტეტის წევრმა ნიკოლაი ლევნიკოვმა “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში განაცხადა.
“შესაძლოა, მარტში გასამართ საერთაშორისო საბჭოზე მიიღონ ექსპერიმენტის ჩატარების გადაწყვეტილება. საუბარია ერთ-ერთ ევროპულ ასოციაციზე, კერძოდ ინგლისზე, სადაც მსაჯებს ვიდეოგამეორების გამოყენების საშუალება ორ შემთხვევაში მიეცემათ - გოლის გატანის და თერთმეტმეტრიანის დანიშვნის ეპიზოდებში. ვიდეოგამეორების საშუალებით მსაჯები დარწმუნდებიან, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. ფიფას სურს, რომ მსაჯებს ნდობა დაუბრუნოს”.
საერთაშორისო ტურნირებში თამაშებს 18-იდან 22 კამერამდე იღებს და ხშირ შემთხვევაში მსაჯები ვერ ხედავენ იმას, რასაც მილიონობით ტელემაყურებელი ამჩნევს. ვიდეოგამეორება უკვე დაინერგა და წარმატებით მუშაობს დიდ სარაგბო ტურნირებში. ფეხბურთში გარკვეული ექსპერიმენტები აქამდეც ჩატარდა, მაგალითად, იტალიაში მოედანზე ერთდროულად ორი მსაჯი მუშაობდა, თუმცა, ეს ექსპერიმენტი წარუმატებლად ცნეს. ახლაც არაა გარანტია იმისა, რომ ამ ექსპერიმენტის შემდეგ ვიდეოგამეორება ფეხბურთში დაინერგება. კითხვები მრავლადაა. მაგალითად, მსაჯი ვიდეოგამეორებას მიმართავს, როდესაც ნიშნავს თერთმეტმეტრიანს და საკუთარი გადაწვეტილების გამყარებას ეცდება, მაგრამ არავინ იცის რა ხდება მაშინ, როდესაც საეჭვო სიტუაციაში თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნება და თამაში გაგრძელდება.
ერთი საინტერესო ფაქტიც. 2003 წელს, რუსეთის თასის ნახევარფინალში, რომელშიც “ანჟი” “როსტოვს” ეთამაშებოდა, მახაჩყალელთა თხოვნით მსაჯმა გადაამოწმა სტუმართა გოლი, რის შემდეგაც ის გააუქმა. ამან მოედანზე გუნდური ჩხუბი გამოიწვია და თამაში დაახლოებით 20 წუთით შეწყდა. მაშინ ეს ექსპერიმენტი წარუმატებლად ცნეს.