იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ალესანდრო დიამანტი 6 თვიანი პაუზის მერე სამშობლოში დაბრუნდა. 32 წლის ნახევარმცველი კარიერას ბერგამოს “ატალანტაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ლომბარდიული გუნდის ვებგვერდი წერს. დიამანტი, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში ინგლისურ “უოტფორდში” ირიცხებოდა, ბერგამოელთა რიგებში ივნისამდე დარჩება.
დიამანტის კარიერის საუკეთესო წლები “ბოლონიაში” აქვს გატარებული, სადაც ასპარეზობის დროს იტალიის ნაკრებშიც სისტემატურად იძახებდნენ. მერე კი, ჩინეთს მიაშურა და “გუანჯოუში” თამაშობდა. “უოტფორდს” გასულ ზაფხულს შეუერთდა, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა – პრემიერლიგაში მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა.