როგორც Football Italia ესპანურ და იტალიურ წყაროებზე დაყრდობით იუწყება, ჩირო იმობილე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იჯარის წესით “ტორინოში” დაბრუნდება. იტალიელი ფეხბურთელი ამჟამად “დორტმუნდიდან” “სევილიაში” ერთი წლითაა განათხოვრებული.
“ბორუსია” მზადაა ფეხბურთელი იტალიაში დააბრუნოს და ამის წინააღმდეგი არც ესპანური გუნდია. როგორც ირკვევა, 6-თვიანი იჯარის სანაცვლოდ “ტორინო” 850 000 ევროს გადაიხდის, შემდეგ კი ფეხბურთელს 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდის.
იმობილე “ტორინოდან” გერმანიაში 2014 წელს გადაბარგდა. ერთი წლის შემდეგ “დორტმუნდმა” იგი “სევილიაში” გაანათხოვრა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 15 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.