ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ მზადაა სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნდეს. ამის შესახებ მხცოვანმა სპეციალისტმა გენუის “სამპდორიას” ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა. ლიპის თქმით, თუ შესაბამისი შემოთავაზება ექნება, კარიერას აუცილებლად განაახლებს.
“რა მოხდება მომავალში? – ჩინეთში ვთქვი, რომ მწვრთნელი აღარ ვიქნებოდი, მაგრამ ახლა გარკვეული დრო გავიდა და ჩემი საქმე მომენატრა. თუ შესაბამისი წინადადება მექნება, სიამოვნებით დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმიანობას”, - აღნიშნა ლიპიმ.
მარჩელოს ეს განცხადება და იტალიური მედიის მიერ მისი “მილანში” დანიშნვის საკითხის წამოწევა ერთი იყო. მოგეხსენებათ, ბოლო დროს სინიშა მიხაილოვიჩის მემკვიდრედ ისედაც ტურინის “იუვენტუსის” ექსდამრიგებელს ასახელებდნენ და ლიპის ამ განცხადების მერე ვინძლო, მართლაც ასე მოხდეს...
მარჩელო ლიპი თანამედროვების ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევა. იგი ერთადერთია, ვისაც ევროპისა და აზიის ჩემპიონთა ლიგა მოუგია. ამასთან მის კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალიცაა. სხვა ტიტულებზე საუბარი კი ხომ ზედმეტია...