საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენკის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას თურქეთის სუპერლიგის ბინადარ "ესქიშერისფორში" გააგრძელებს. 23 წლის შემტევმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ხოლო კონტრაქტს მხარეები ხელს დღეს მოაწერენ.
ხელშეკრულება საიჯარო იქნება და იგი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გასტანს, ხოლო თუ ზაფხულში კლუბიცა და ოქრიაშვილიც შეჯერდებიან, მაშინ 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ თურქული გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.
მოგეხსენებათ, აღნიშნული ტრანსფერის შესახებ ბოლო დღეებში არაერთხელ დაიწერა, თუმცა ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "ოქრის" კარიერაში" ახალი გუნდია. ისე კი, თორნიკე ყოფილ გუნდ "გენკში" 2014 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. ბელგიელები თავიდან მასზე დიდ იმედსაც ამყარებდნენ, მაგრამ ოქრიაშვილმა მოლოდინი ვერ გაამართლა - თუ გასულ სეზონში სასტარტოში ხშირად ხვდებოდა და 2 გოლიც გაიტანა, წელს მხოლოდ 11 მატჩი ითამაშა და მათგან უმეტესობა შეცვლაზე, გოლი კი არ გაუტანია.