კალათბურთი

1:29 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითა” ამერიკელებმა გამოაცოცხლეს, თუმცა, მე-15 მარცხს ვერ გადაურჩა

თბილისურმა “ვითამ” ვთბ-ლიგაში ზედიზედ მე-15 მატჩი წააგო, თუმცა, არა უწინდელივით – უიმედოდ. ქართული კლუბი ამერიკელმა ახალწვეულებმა – ომარ ტომასმა და ანდრე ჯონსმა გამოაცოცხლეს, რომელთაც “ვითას” მაისური პირველად ფინეთში გამართულ შეხვედრაში მოირგეს.

თბილისური კლუბი ლოიმაას “ბაიზონსს” ესტუმრა და პირველ მეოთხედში 9 ქულით დაწინაურდა, მეტოქის ფარზე 22 მოხსნით კი სეზონის რეკორდი გაიმეორა, მაგრამ საბოლოოდ 73:89 (25:24, 17:26, 16:27, 15:22) წააგო.

ვითელები პერიმეტრზე სუსტმა თამაშმა (მასპინძლებმა 32-დან 11 სამქულიანი ჩააგდეს, სტურებმა – 21-დან – 3) და მოკლე სათადარიგოთა სკამმა დააღალატა.

ქართული კლუბის ახალ დამრიგებელ – ლატვიელ ნიკოლაის მაზურსს განაცხადში 8 კალათბურთელი ჰყავდა. მათგან მაიზერ რევაზაშვილი მოედანზე საერთოდ არ გასულა, დავით მაისურაძემ კი 51 წამს ითამაშა.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მთელმა სიმძიმემ ექვს კალათბურთელზე გადაიარა, ამ ფონზე წარმატებაზე ფიქრი კი ძალიან ძნელი გახლდათ.

“ვითას” რიგებში 22 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო ტომასი იყო, ჯონსმა კი, რომელსაც წამითაც კი არ დაუსვენია, გუნდს 15 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. 13 ქულა იყო უკრაინელი ცენტრის – კონსტანტინ ანიკეენკოს აქტივში.

მატჩის გმირი “ბაიზონსის” ამერიკელი ლეგიონერი მარტინ ზენო გახდა, რომელმაც 34:27 წუთში 26 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

“შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები ისევ გვაწუხებს. მიუხედავად ამისა, დღეს, მეტოქისთვის ბრძოლის გამართვა მოვახერხეთ. ტომასს და ჩლაიძეს გამოფრენა დაუგვიანდათ და ზედ მატჩის წინ შემოგვიერთდნენ. ჯერჯერობით, სათამაშო სქემის აწყობას ვერ ვახერხებთ, რადგანაც ხუთი ხუთზე ვარჯიშისთვის მოთამაშეები არ გვყოფნის”, - განაცხადა მატჩის შემდეგ “ვითას” მთავარმა მწვრთნელმა.

ქართული კლუბი ერთადერთია, რომელსაც ვთბ-ლიგის მიმდინარე სეზონში თამაში არ მოუგია. “ვითა” მომდევნო მატჩს 16 იანვარს, ვოლგოგრადში “კრასნი ოკტიაბრის” წინააღმდეგ ჩაატარებს, 25-ში კი მოსკოვში, ტურნირის ლიდერ ცსკა-სთან თამაში ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169627