ცნობილი გახდა იმ მეტოქეთა ვინაობა, რომელთაც საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ მომავალი ტურნირი 3-6 თებერვალს ისრაელის ქალაქ ეილატში შედგება და მასში მონაწილეობას 14 ნაკრები მიიღებს.
საქართველოს ნაკრები, რომლის ღირსებასაც სოფო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, სოფო ქვაცაბაია და ოქსანა კალაშნიკოვა დაიცავენ, ხოლო კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი იქნება, B ჯგუფში დიდ ბრიტანეთს (მე-2 განთესვა) და სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.
აქვე მეტოქეთა შემადგენლობებიც. დიდი ბრიტანეთი: იოჰანა კონტა, ჰიზერ უოტსონი, ენ სმიტი, ჯოსელინ რაე. სამხრეთ აფრიკა: ჩანელ სიმონდსი, ილზე ჰატინგი, მადრი ლე რუ, მიშელ სამონსი.
სამ გუნდი მოხვდა A ჯგუფშიც: შვედეთი (1), პორტუგალია და უკრაინა. აი, C (ხორვატია (3), ესტონეთი, ისრაელი, თურქეთი) და D ჯგუფები (უნგრეთი (4), ბელგია, ბულგარეთი, ლატვია) კი ოთხ-ოთხ წევრიანია.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, A ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში C ჯგუფის საუკეთესო ნაკრებს შეხვდება. თავის მხრივ დაწყვილდებიან B და D ჯგუფის საუკეთესო გუნდებიც.
ამ მატჩებში გამარჯვებული ორი გუნდი ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.