სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ძიუდო

14:44 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ჭანტურია - ქალთა ძიუდოს ახალი აღმოჩენა  (+VIDEO)

2015 წელი ქართული ქალთა ძიუდოსთვის ნამდვილი ფურორისა და დიდი სამომავლო იმედების ჩასახვის წელი გამოდგა. ჩვენმა გოგონებმა მთელს ქვეყანას აჩვენეს, რომ ვაჟებზე არანაკლებ ნიჭიერები არიან, მათაც ძალუძთ უდიდესი შედეგებისთვის ბრძოლა და ხალხის გახარება.

ძიუდოს მოყვარული მრავალრიცხოვანი ქართველი გულშემატკივარი დადებითად განეწყო აქამდე უცხო და ნაკლებად განვითარებული სახეობის მიმართ. დღეს წარმატებული ქართველი ძიუდოისტი გოგონების გვარები უკვე ყველამ იცის.

გასული წლის ივლისში ჯერ იყო და 17 წლის მზია ბებოშვილმა ( -52 კგ ) შეძლო თავის გამოჩენა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის პირველობაზე კადეტთა შორის მზიამ ყველა ბრძოლა მოიგო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

შემდგომ აღებული ტემპი არ დააგდო და თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროც არავის დაუთმო.

თანაგუნდელს არც 16 წლის ეთერ ლიპარტელიანი ( -57 კგ ) ჩამორჩა. მართალია მას სოფიაში ხელი მოეცარა, მაგრამ სამაგიეროდ თბილისის თამაშებზე იყოჩაღა და ბებოშვილის მსგავსად ოქროს მედლით მკერდდამშვენებულმა ამაყად დაიკავა ადგილი კვარცხლბეგის უმაღლეს საფეხურზე.

წელი მაჟორულ ნოტზე უკვე საქართველოს ნაკრების ლიდერმა და კაპიტანმა 19 წლის მარიამ ჯანაშვილმა დაასრულა, ვინც აბუ დაბიში ახალგაზრდებს შორის გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ფინალს უწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ასეთი წარმატებების შემდეგ, ბუნებრივია ყველა დაინტერესდა, თუ რა პერსპექტივები აქვს ქალთა ძიუდოს საქართველოში . კიდევ თუ გვყავს ტალანტები ახალ თაობაში და რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ მომავალში.

დღეს ერთ-ერთ ასეთ ტალანტს გაგაცნობთ, ვინც არამარტო ქართული ძიუდოს, არამედ მთლიანად ქართული სპორტის უდიდეს იმადად შეიძლება მივიჩნიოთ.

ეს გახლავთ 15 წლის მარიამ ჭანტურია !

კიკბოქსინგიდან გადმოსული აბაშელი გოგონა ქარიშხალივით შემოიჭრა ძიუდოს სამყაროში. მისმა უზადო ფიზიკურმა მონაცემებმა და ძალამ იმთავითვე მიიპყრო სპეციალისტთა ყურადღება.

საქართველოს ბოლო პირველობაზე 14 წლის ასაკში მარიამმა ისეთი მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მასზე ბევრად უფროს და გამოცდილ მეტოქეებს, რომ უკვე მაშინ გახდა ცხადი თუ რა გაქანების სპორტსმენთან გვქონდა საქმე.

დღემდე მისთვის უდიდესი შედეგი ჭანტურიამ 2015 წლის კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა. 2000 წელს დაბადებულ ქართველ გოგონას სოფიის ტატამზე -57 კგ წონით კატეგორიაში შვიდი შეხვედრის გამართვა მოუწია, ექვსში გამარჯვებული გამოვიდა და საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა !

ასეთ დატვირთვას დიდ ტურნირებზე ხშირად ზრდასრული ვაჟებიც კი ვერ უძლებენ. თანაც ჭანტურიას ძირითადად მასზე ორი წლით უფროს მეტოქეებთან უწევდა ჭიდილი.

ამის შემდეგ მარიამი კადეტთა შორის მსოფლიოს პირველობაზეც გაემგზავრა, სადაც მეოთხედფინალს უწია. იქ ერთი გაფრთხილებით დასანანი მარცხი იწვნია. ამან კონცენტრაცია დააკარგვინა, რეპეშაჟის შერკინებას გული ვერ დაუდო და საბოლოოდ მედლის გარეშე დარჩა.

თუმცა მარიამ ჭანტურიას ყველაფერი წინ აქვს. 2016 წელს კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე მოუწევს გამოსვლა, მთავარი ბრძოლები კი 2017 წელს ელის, სადაც კადეტების ევროპისა და მსოფლიოს პირველობების გარდა უნგრეთში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზეც იასპარეზებს და თავისი სიძლიერის დამტკიცებას შეეცდება.

შარშან თბილისში ჩატარებულ ოლიმპიადაზე კი მარიამს ჭიდაობის უფლება მხოლოდ იმ უბრალო მიზეზის გამო არ მისცეს, რომ იმ დროისთვის ძალიან პატარა, მხოლოდ 15 წლის იყო.

გასულ წელს ჭანტურია -57 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, თუმცა ვინაიდან მოზარდია, სიმაღლეში მოიმატა, ერთი წონით ზედა კატეგორიაში აინაცვლა და ამიერიდან - 63 კგ-ში იჭიდავებს.

ირაკლი ხმელიძე

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.162386