ფეხბურთი

12:28 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მელი “ბეტისის” მწვრთნელი აღარაა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის “ბეტისის” ხელმძღვანელობამ, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პეპე მელი დაითხოვა.

კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მენეჯმენტმა 4 საათზე მეტი იმსჯელა.

52 წლის სპეციალისტი გუნდში 2014 წლის დეკემბრიდან მუშაობდა და მას პრიმერა დივიზიონში დაბრუნებაში დაეხმარა. მაგრამ უმაღლეს დონეზე “ბეტისს” საქმეები მთლად კარგად არ წაუვიდა და 19 თამაშიდან 20 ქულით, ის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა. გუნდი განსაკუთრებით ცუდად ბოლო დროს თამაშობს და ზედიზედ 4 თამაში წააგო, უკანასკნელი 8 შეხვედრიდან კი, 5 დათმო და 3 ფრედ დაასრულა.

მელის შესაძლო შემცვლელზე ჯერ არანაირი ინფორმაცია არაა, მაგრამ დროებით მთავარი მწვრთნელის მოვალეობას სარეზერვო გუნდის თავკაცი ხუან მერინო შეასრულებს. “ბეტისს” უახლოესი მატჩი 13 იანვარს ელის - ესპანეთის თასის 1/8-ფინალში “სევილიას” შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ მელი “ბეტისს” 2010-იდან 2013 წლამდეც წვრთნიდა და დაკავებული თანამდებობიდან მაშინაც დაითხოვეს, ასე რომ, ეს ამ გუნდიდან მისი მეორე გათავისუფლებაა.

0.111898