ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” “მანრესას” ესტუმრა და 85:76 იმარჯვა.
ქართველი ფორვარდი ბასკური კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და 30:46 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ლაბორალ კუჩას” რიგებში 10-ქულიან ზღვარს დარიუს ადამსი (15), ადამ ჰანგა (14), ფაბიენ კოსიე (13) და კიმ ტილი (12) ასცდნენ, ბასკურმა კლუბმა კი 12 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და მადრიდის “რეალთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერად “ვალენსია” რჩება, რომელმაც ზედიზედ მე-15 მოგება გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორასთან” იზეიმა.
ქართველი ცენტრის კლუბმა ფავორიტს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, 78:86 დამარცხდა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 18:09 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 5-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენივეჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი (18) მასპინძელთა შორის ვერავინ გადაფარა.
ანდორელებმა 7 მოგება და 8 მარცხი მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციამდე დაქვეითდნენ. შერმადინის კლუბი მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს, ისევ შინ, “სევილიასთან” ჩაატარებს, 17-ში კი შენგელიას “ლაბორა კუჩა” “ხუვენტუტს” ესტუმრება.