ფეხბურთი

23:00 | 10.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა გლდანის ადგილობრივ მოსახლეობასთან

ლევან კობიაშვილი თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად გლდანის I მ/რ-ში არსებული სარეკრეაციო-სპორტული სივრცის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

გლდანის I მ/რ-ში, #13 და #14 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც ამ დროისათვის სპორტული მოედანი ფუნქციონირებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, კერძო მესაკუთრემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით და სარეკრეაციო-სპორტული სივრცის შენარჩუნების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრის მოთხოვნაზე - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა.

„დედაქალაქის მერიამ განიხილა საკითხი საბჭოზე და კომისიის ყველა წევრმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, აქ არ აშენდება კორპუსი, არ გაიზრდება ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები. რაც შეეხება იმას, რომ ინვესტორი არ დაზარალდეს, მასთან მოლაპარაკებებს ვგეგმავთ, ვიმსჯელებთ ადგილმონაცვლეობის თაობაზე. ეს გახლავთ ტერიტორია, სადაც დაუშვებელია მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, გარდა ამისა, მიმდებარედ არსად არის სათამაშო მოედანი. სწორედ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო საბჭომ უარყოფითი გადაწყვეტილება და აქ არსებული სტადიონი არ დაინგრევა“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ვიდგეთ საზოგადოების გვერდით, რომელიც ცდილობს ბავშვებისთვის სპორტული მოედნის შენარჩუნებას. ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენი ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს აქტიურად, რათა მოხდეს სპორტული ნაგებობების დაცვა. ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ივარჯიშონ და ითამაშონ. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას და დღევანდელი ამ შეხვედრის ორგანიზატორებს”, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

www.gff.ge

0.106472