რაგბი

17:33 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კლერმონის” ტოპ გამარჯვება (+VIDEO)

დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, ჩემპიონთა თასის პირველი ტურის გადადებულ მატჩში “ბორდო” სტუმრად 28:10 დაამარცხა და მეორე ჯგუფის სათავეში მოექცა.

ევროთასების ფრანგულ დერბის “შაბან-დელმაზე” შეკრებილმა 28 483-მა მაყურებელმა მიადევნა თვალი და ტურნირის შარშანდელმა ფინალისტმა მეტოქეს დამსახურებულად აჯობა. “ვულკანები” “ბორდოზე” უფრო შემოქმედებით რაგბის თამაშობდნენ და გული მხოლოდ იმაზე თუ დაწყდებათ, რომ მეოთხე, პრემიალური ქულის მომტანი ლელო ვერ გაიტანეს, არადა, ამის შანსი იყო.

მასპინძელთა ჯარიმას სტუმრებმა ნიკ აბენდანონის ლელოთი მე-18 წუთზე უპასუხეს. ინგლისელისთვის ეს მე-5 ლელოა “კლერმონის” მაისურით ჩემპიონთა თასზე ჩატარებულ მე-11 შეხვედრაში. ზუსტ გარდასახვას მოგვიანებით მატჩის მოთამაშედ შერაცხულმა მორგან პარამ ჯარიმა მიაყოლა, მაგრამ 33-ე წუთზე სტუმრებმა “ბორდოს” მძლავრი მოლი ვერ შეაჩერეს და ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღდგა. “კლერმონმა” ტაიმი მაინც მოიგო, ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში, კარის წინ წარმოქმნილ რაქში კოლელიშვილმა 9 ნომრის ფუნქციები შეასრულა, კამილ ლოპესმა კი ხაზი გაჭრა და გარსახავის შემდეგ ტაიმი 17:10 დასრულდა.

თამაშის განახლებიდან 8 წუთის შემდეგ, 4-წუთიან ინტერვალში პარამ ორი ზუსტი ჯარიმა შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ხელშესახები გახადა, 50-ე წუთზე კი, მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყდა. შეცვლაზე ერთი წუთის წინ შესულმა ჟულიენ ლე დევედესმა მეტოქეს სახეში თავი უთავაზა და პირდაპირ წითელი ბარათით დაისაჯა. “ბორდოსთვის” ეს მეორე წითელი ბარათია ჩემპიონთა თასის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში. 5 წუთში მასპინძლები მოედანზე უკვე 13 კაცის ამარა დარჩნენ და მართალია ამ პერიოდში ქულა არ გაუშვეს, მაგრამ 70-ე წუთზე ნოა ნაკაიტაკიმ მარცხენა ალამთან მესამე ლელო მაინც გაიტანა. “ვულკანებს” პრემიალური ქულის ასაღებად 10 წუთი რჩებოდათ, მაგრამ მეოთხე ლელოს გატანა ვერ შეძლეს და ერთ კვირაში უელსში, “ოსპრეიზთან” ფაქტობრივად ფინალური შეხვედრის გამართვა მოუწევთ.

ზირაქაშვილი ტრავმირებულია და ბუნებრივია განაცხადში ვერ იქნებოდა, ხოლო კოლელიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო საკუთარი გუნდის შემადგენლობაში, ბურთით 8-ჯერ შეუტია და ჯამში 31 მეტრი მოიგო, რაც სტუმართა შორის მე-5 მაჩვენებელია. ყველაზე მეტი, 154 მეტრი ფულბეკი აბენდანონის ანგარიშზეა, 58 მეტრი დაფარა შუამარბმა ჯონათან დევისმა, ხოლო კიდევ ორმა მოთამაშემ 32-32 მეტრი გაიარეს. ქართველმა მესამეხაზელმა მბოჭავი ორჯერ ჩამოიცილა, ერთხელ ოფლოუდი გაახერხა, 5 პასიდან ერთ-ერთი კი, სალელოვე იყო. მის ანგარიშზე 7 ბოჭვა და ერთი თერნოვერია.

დღეს ჩემპიონთა თასის მესამე ჯგუფის გადადებულ მატჩში, დავით ხინჩაგიშვილის “რასინგი” შალვა მამუკაშვილის “გლაზგო უორიორსს” პარიზში უმასპინძლებს, ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ არიან. მეოთხე ჯგუფში კიდევ ერთი პარიზული კლუბი, ზურაბ ჟვანიას, დუდუ ქუბრიაშვილისა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე” ირლანდიურ “მანსტერს” მასპინძლობს. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არც აქ არიან. ხვალ თასის მფლობელი, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” ინგლისურ “ბათს” მასპინძლობს. გორგოძე ისვენებს, ხოლო მიქაუტაძე და ჩილაჩავა თამაშს სასტარტო 15-ეულში იწყებენ.

ჩემპიონთა თასი 2015/2016

II ჯგუფი. I ტურის გადადებული მატჩი

ბორდო (საფრანგეთი) - კლერმონი (საფრანგეთი) 10:28

1.

კლერმონი (საფრანგეთი)

4

3

0

1

118:80

14

2.

ოსპრეიზი (უელსი)

4

2

0

2

100:96

12

3.

ექსეტერი (ინგლისი)

4

2

0

2

88:100

10

4.

ბორდო (საფრანგეთი)

4

1

0

3

78:108

6

V ტური. 15-16 იანვარი

ოსპრეიზი - კლერმონი; ბორდო - ექსეტერი

0.204157