ჩინეთის საფეხბურთო ასოციაციამ და ქვეყნის ეროვნული გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ალენ პერენმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა შეწყვიტეს.
“ლიონის” ყოფილი თავკაცი ჩინეთში სამუშაოდ 2014 წლის თებერვალში გადავიდა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ესპანელი ხოსე ანტონიო კამაჩო ჩაანაცვლა. 2015 წელს, ჩინელებმა პერენის ხელმძღვანელობით პირველად 11 წლის განმავლობაში აზიის თასის ჯგუფური ეტაპი გადალახეს და მეოთხედფინალში ტურნირის მომავალ ტრიუმფატორთან, ავსტრალიასთან დამარცხდნენ.
ჩინელმა საფეხბურთო ჩინოვნიკებმა ფრანგს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს. ქვეყნის ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ საიტზე წერია, რომ პერენთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნაჩვენები წარუმატებელი შედეგებია. 4-გუნდიან ჯგუფში ჩინელები მხოლოდ მესამე ადგილზე არიან და ყატარსა და ჰონკონგს ჩამორჩებიან, შესარჩევი ეტაპის დაძლევის შანსის შენარჩუნებისთვის კი, აუცილებელია მინიმუმ მეორე ადგილის დაკავება.