ფეხბურთი

20:41 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოსვალდო “ბოკაში” დაბრუნდა

პორტუგალიური “პორტუს” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი პაბლო დანიელ ოსვალდო კარიერას მშობლიურ “ბოკა ხუნიორსში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბუენოს-აირესული გუნდის ვებგვერდი ადასტურებს. 29 წლის ოსვალდომ “პორტუსთან” კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ცოტა ხნის წინ გაწყვიტა და შესაბამისად “ბოკას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ოსვალდო, რომელსაც იტალიის მოქალაქეობა აქვს და ამ ქვეყნის ნაკრებში უთამაშია, “პორტუში” გასულ ზაფხულს ჩაირიცხა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და მოედანზე მხოლოდ 7-ჯერ გამოჩნდა (ერთი გოლი). სხვათა შორის, ოსვალდო “ბოკაში” შარშან თებერვალშიც ჩაირიცხა, თუმცა გუნდი 4 თვის შემდგომ დატოვა. საერთოდაც, იგი მოგზაურობით გამოირჩევა. 2013 წლის ზაფხულის შემდეგ, როცა “რომა” დატოვა, ერთბაშად 5 გუნდი გამოიცვალა: “საუთჰემპტონი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “ბოკა ხუნიორსი” და “პორტუ”.

ნატურალიზებული იტალიელი კლუბების სიმცირეს არც მანამდე უჩიოდა, რადგან “ესპანიოლში”, “ბოლონიაში”, “ფიორენტინაში”, “ატალანტაში”, “ლეჩესა” და “ურაკანში” უთამაშია. იტალიის ნაკრებში კი 2011-2014 წლებში 14 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

0.139324