ესპანეთის სეგუნდადივიზიონის ბინადარ ტარაგონას “ხიმნასტიკის” ახალწვეულმა გიორგი აბურჯანიამ ახალ გუნდში გადაბარგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი განვლილი წელიწადნახევრისთვის “ანორთოსისს” მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ახლა მის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება.
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო 1.5-წლისთვის “ანორთოსის”. კვიპროსში ძალიან გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი, როგორც ადამიანი. ჩემთვის საპატიო იყო ამ გუნდში თამაში, რომელსაც კვიპროსში საუკეთესო ქომაგები ჰყავს. მინდა მადლობა ვუთხრა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს, “ანორთოსის” მთელ პერსონალს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა გულშემატკვირებს, რომლებიც ყოველთვის, კარგ და ცუდ პერიოდებშიც მხარში გვედგნენ.
ახლა ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევის დრო დადგა, ესპანეთი ჩემთვის დიდი შანსია, რომ ყველას ვაჩვენო თუ რა შემიძლია. “ხიმნასტიკი” დიდი გუნდია, დიდი ისტორიით, სადაც პროფესიონალები მუშაობენ და მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ. იმედია, მიმდინარე სეზონი წარმატებული იქნება და პრიმერადივიზიონში გადავალთ”, - დაწერა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე აბურჯანიამ.
მოგეხსენებათ, გიორგიმ ტარაგონელებთან 2.5-წლიანი კონტრაქტი დღეს ოფიციალურად გააფორმა. აბურჯანია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ესპანეთის სეგუნდადივიზიონში ითამაშებს.