ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის სტარტზე მე-2 მარცხი განიცადა, ქართველი ფორვარდი კი მოედანზე ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
“ჩემპვილმა” “მუტაჰედთან” 115:123 წააგო, ცქიტიშვილმა კი ტრიპოლიში გამართულ შეხვედრაში 38:29 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა, 15 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა.
ნიკოლოზმა 7-დან 2 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველ კალათბურთელს სტუმართა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (27) ჰქონდა.
მატჩის გმირი “მუტაჰედის” ამერიკელი ლეგიონერი რეიშუან ტერი გახდა, რომელმაც 39 წუთში 45 (!) ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მოაგროვა, თანაც მეტოქეები მასზე ერთბაშად 13-ჯერ დაჯარიმდნენ და ტერიმაც 22-დან 18 საჯარიმო ჩააგდო.
“ჩემპვილი” მომდევნო მატჩს 10 იანვარს, უკვე შინ, “საგესეს” წინააღმდეგ ჩაატარებს.