გუშინ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული იყო, საზეიმო განწყობა, მთელი ქვეყანა ზეიმობდა და ჩემმა ნააზრევმაც ერთი დღით დაიგვიანა. ნააზრევმა, რომელიც 6 იანვარს გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ეხება.
მე რაგბის გულშემატკივარი ვარ, რაგბი ჩემი ნაწილი და მისი ნებისმიერი წარმატება უდიდესი ბედნიერების მომტანი, ხოლო წარუმატებლობა გაუსაძლისი ტკივილია. ასევე, მე ვარ ქართველი და რაგბის და მორაგბეთა წარმატების მსგავსად მახარებს ყველა ქართველი და ყველაფერი ქართულის წარმატება. და სანამ ჩემს სუბიექტურ აზრზე გადავიდოდე, მინდა უდიდესი პატივისცემით დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ სპორტსმენს, ვინც წარმატებით თუ წარუმატებლად დაიცვა ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპისა თუ მსოფლიოს სარბიელზე. ასევე, ვულოცავ ყველა ნომინანტს უკვე მიღწეულ წარმატებას და ვისურვებ, რომ მათ მრავალი წლის განმავლობაში გაეხარებინოთ ქართველი ერი.
უკვე დავაფიქსირე, რომ რაგბი ჩემი ცხოვრებაა, ახლა კი მსურს თვალი გადავავლო განვლილ, 2015 წელიწადს, რადგან მიმაჩნია, რომ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რაგბი ბევრად მეტს იმსახურებდა.
რა თქმა უნდა მადლობა სპორტის სამინისტროს, რომელმაც ნაღდი ქართველი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სული და გული მამუკა გორგოძე წლის კაპიტნად დაასახელა, მაგრამ ეს იყო სპეციალური, ასე ვთქვათ დამატებითი პრიზი და ჩემი აზრით, პირადად ის და მთლიანობაში ქართული რაგბი, ბევრად მეტს იმსახურებდა. მომიტევეთ (სპორტის სამინისტრომ და პირადად მამუკა გორგოძემ) და ეს სპეციალური პრიზი, უფრო დანამატი იყო, რაგბულად რომ ვთქვათ და 7-კაცას დავესესხოთ “ფიალა”, დამამშვიდებელი მე-5 პოზიცია და არა ის კუთვნილი ადგილი, რომელსაც გორგოძე იმსახურებდა!
კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ვულოცავ აღიარებას და როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სპორტულ კარიერაში, ულევ წარმატებას ვუსურვებ! მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვდგავარ - წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტულს მამუკა გორგოძე იმსახურებდა, აქვე დიდი ბოდიშის მოხდით ზაზა ფაჩულიასთან, რომელიც საოცარი თამაშით გვახარებს მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში და კიდევ ერთხელ არ დაგვავიწყდეს - #NBAVOTE Zaza Pachulia!
თუ ოდნავ მაინც არის კითხვები ამასთან დაკავშირებით, ვეცდები დასაბუთებულად ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე. გაცხადებული ფორმულა იმისა, რომ საუკეთესოს შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა პირად ჯილდოებს, ჩემთვის (და ალბათ ბევრი თანამოაზრე მეყოლება), ამ შემთხვევაში არგუმენტად ვერ გამოდგება. მარტივი მიზეზის გამო - საქართველოს მორაგბეთა, ფეხბურთელთა, კალათბურთელთა, წყალბურთელთა, სხვა სათამაშო, გუნდუს სახეობათა წარმომადგენელი, შესაძლოა (ღმერთს ვთხოვ ვცდებოდე), ვერასდროს, ან 50-100 წელიწადი, ვერ გახდეს მსოფლიოს, ან ევროპის ჩემპიონი. გამოდის, რომ ამ სპორტის სახეობის წარმომადგენლებს შანსი არა აქვთ იყვნენ ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები?
თუმცა ყოფილან! - დავით ზირაქაშვილი 2010 და მამუკა გორგოძე 2011 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენებად დამსახურევულად აღიარეს! თუმცა მათ არ მოუგიათ მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედლები და უფრო მეტიც, წელს ორივე მათგანმა და მთლიანად ქართულმა რაგბმა, ბევრად უკეთესი შედეგი დადო, ვიდრე მაშინ!
საერთოდაც, მიჩნდება კითხვა - რა ჯგუფი არჩევს საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენს, გუნდს, სხვა ნომინანტებს (მრცხვენია, რომ აქამდე ეს შეკითხვა არ გამიჩნდა)? და რატომ არ ვიცით მათი ვინაობა? რატომ არ ვიცით რომელ სპორტსმენს ჯგუფის რომელმა თუ არა, რამდენმა წევრმა დაუჭირა მხარი? ვფიქრობ, ეს საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს და კარგი იქნება, თუ მაინცდამაინც 2015 წლისას არა (თუმცა ჩემთვის 2015 წელიწადი ამ კუთხით ძალიან საინტერესოა), შემდგომ წლებში მაინც, ეს ყველაფერი საჯარო გახდება. და მერე შესაძლოა, ბევრი რამ ცხადიც გახდეს - მე რაგბი მიყვარს და შესაძლოა სუბიექტური ვარ, ასევე შეიძლება იყოს სუბიექტური მოჭიდავე, ძალოსანი, ფეხბურთელი, ანუ ის, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია, მაგრამ საჯაროობის შემთხვევაში, მის სუბიექტურობაში მეტი ობიექტურობა გაერევა და ყველაფერი მხოლოდ სპორტის სამინისტროს ზურგზე არ გადაივლის.
ისევ ერთი ბოდიშის მოხდით, ამჯერად “ბორჯღალოსნების” სრულ შემადგენლობასთან. შეძლებდა საქართველოს ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასზე ამ ისტორიული შედეგის ჩვენებას, ორი თამაშის მოგებას და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურის 4 წლით ადრე დაბევებას? მთელი სარაგბო სამყაროს, რომელიც განსაკუთრებით ამ მსოფლიო თასის შემდეგ განუზომლად გაიზარდა, გაოცებას და ქართულ გენზე ალაპარაკებას? ტონგას ბეჭებზე დადებას, სადაც მამუკა გორგოძე მატჩის მოთამაშედ აღიარეს? დადგება დრო და მამუკა გორგოძე აღარ იქნება მოედანზე, ის სამუდამოდ დარჩება ქართველი გულშემატკივრის საყვარელ მოთამაშედ და “ბორჯღალოსნებსაც” მის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა, მაგრამ ახლა, 2015 წელს, ის იყო შეუცვლელი და ეს აღიარა მთელმა მსოფლიომ!
მამუკა გორგოძემ ვერ მოიგო მსოფლიოს ოქროს მედალი, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონთან ის გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე! თუ ვინმემ ვერ გაიგო ვთარგმნი - ეს დაახლოებით ასეა: მსოფლიოს ჩემპიონთან მატჩში, გამოარჩიეს ერთი მოთამაშე, ყველაზე ძლიერი, საუკეთესო და მას “დაკიდეს ოქროს მედალი”. და ეს კაცი იყო ქართველი, მამუკა გორგოძე!
სანამ მსოფლიო თასი დასრულდებოდა, სარაგბო და სპორტული გამოცემების თითქმის სრულმა შემადგენლობამ, გორგოძე დაასახელა 2015 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო მოთამაშედ, რადგან სხვა არავისგან, არც მსოფლიოს მომავალი ჩემპიონებისგან, მეტს აღარავინ ელოდა. მორჩა მსოფლიო თასი და გორგოძე მოხვდა ყველა სიმბოლურ ნაკრებში, მათ შორის ოფიციალურ ვერსიაშიც, მსოფლიოს 15 საუკეთესოში ქართველი, რომლის გუნდმაც საბოლოო ჯამში ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. მაგრამ ის იყო განუმეორებელი და ამაზე თვალი ვერავინ დახუჭა. გორგოძე იყო ერთადერთი ევროპელი, რომელიც მოხვდა სიმბოლური ნაკრების შერკინებაში. წლის ბოლოს ის უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ქვეყნის, ახალი ზელანდიის სარაგბო გამოცემამ ასევე დაასახელა სიმბოლურ ნაკრებში, იმიტომ, რომ გორგოძე ამ მსოფლიო თასზე იყო განუზომლად დიდი - ბევრად მეტი, ვიდრე მსოფლიო თასის ოქროს მედალი. და ეჭვიც არ შეგაპაროთ, რომ გორგოძე რომ ჰყოლოდა ავსტრალიას, ინგლისს, უელსს, შოტლანდიას, არგენტინას, ეგებ ახლა მას მსოფლიო თასის ოქროს მედალი სახლში ჰქონოდა!
ყველა გამოკითხვაში, მამუკა გორგოძე გულშემატკივართა ნახევარზე მეტმა წლის სპორტსმენად დაასახელა. გულშემატკივრის პატივისცემა ნებისმიერი სპორტსმენისთვის უდიდესი სიხარულია, მაგრამ გასაკვირია, რატომ არ იზიარებენ ამ აზრს წლის სპორტსმენის შერჩევისას. ჩემის აზრით, საქართველოში გამოკითხვა რომ ჩატარდეს, სპორტში ყველაზე წარმატებული ადამიანების გამოვლენის მიზნით, იგივე გორგოძე ყველა იმ პიროვნებაზე წინ აღმოჩნდება, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მამუკა წელს არ იყო საუკეთესო. მაგრამ გულშემატკივარმა იცის, რომ გორგოძე იყო და არის საუკეთესო!
ახლა მახსენდება ის მომენტი, როდესაც ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მონპელიეში, ფრანგი მეტოქის ბეჭებზე გაკვრით ოქროს მედალი მოიპოვა და რეაქცია მამუკა გორგოძისა, რომელიც პატარა ბავშვივით ხარობდა ქართველის ამ დიდ წარმატებას მონპელიეში, ქალაქში, სადაც ის თამაშობდა და სადაც, შესაძლოა, მისი ასეთი საქციელი ბევრს თვალში არ მოსვლოდა. მაგრამ ის ქართველია, საუკეთესოა და ქართველის წარმატება ქართულად, ალალი გულით აღნიშნა, თუმცა, ჩანს, ზოგიერთებმა თავად მამუკას წარმატება წელს ვერ დაინახეს და ვერ დააფასეს.
წლის გუნდი - ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები, მაგრამ რატომ არა მორაგბეთა ნაკრები? ალბათ მიზეზი აქაც იგივიე, “ბორჯღალოსნებმა” ვერ მოიგეს ოქროს მედლები. ამ გადაწყვეტილებების მიმღებებს, გულწრფელად მინდა ვკითხო, რამ უფრო დიდი ემოცია მოუტანა, ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების პარტიებმა, რომელიც ჩემის აზრით მაინც უფრო ინდვიდუალური სპორტის სახეობაა, თუ საქართველოს მიერ ტონგას და მერე ნამიბიის დამარცხებამ? აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ბორჯღალოსნებმა” წელს ტრადიციულად გაგვახარეს რუსთა ძლევით, რუმინეთს ბუქარესტში უჩვეულოდ იოლად აჯობეს. დავიჯერო მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდში შესვლა სუფთად გუნდური სახეობის ნაკრებისა არაფერს ნიშნავს?
მოდით კიდევ ერთხელ დავწვრილმანდეთ და გავიხსენოთ, რომ რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. თუ ინდივიდუალურ სახეობაში სპორტსმენს 10-12 წლიანი კარიერის განმავლობაში ამდენჯერვე ეძლევა საშუალება მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, სპორტის სათამაშო სახეობებში ხომ სპორტსმენს და ნაკრებს ამის შანსი მხოლოდ 3-ჯერ ეძლევა? იმ ბიჭების დიდი ნაწილი, რომელთაც საქართველოს ამხელა სახელი მოუხვეჭეს, მაგრამ ვერ მოიგეს ოქროს მედალი, მომდევნო მსოფლიო თასზე ვეღარ ითამაშებს და მათი ეს ისტორიული წარმატება არა ქართველთა უმრავლესობისთვის, მაგრამ გადაწყვეტილებების მიმღებთათვის შეუმჩნეველი, ან იგნორირებული დარჩა. არადა ეს იყო უდიდესი გმირობა და უამრავი ქართველი გულშემატკივრის სახელით, მე კიდევ ერთხელ ვეტყვი უდიდეს მადლობას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს, როგორც მოთამაშეებს, ასევე მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სიხარულში წვლილი შეიტანა - “ბორჯღალოსნებო”, თქვენ საუკეთესოები ხართ!
საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება პირდაპირ კავშირშია იმ განუზომლად დიდ სამუშაოსთან, რაც რაგბის კავშირმა გაწია, მაგრამ ვერც ის “გახდა საუკეთესოობის ღირსი”. არადა, ამ მუშაობის შედეგი მხოლოდ ეს როდი იყო და ვფიქრობ, რაგბიში ჩართული ადამიანების ღვაწლი კიდევ უფრო დიდია.
ამ ყველაფერს მარტივად მივხვდებით, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, ნამდვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიგო და უკან მოიტოვა ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია და იტალია. 20-წლამდელთა ნაკრებმა აახდინა ქართველთა დიდი ხნის ოცნება და უდიდესი უპირატესობით მოიგო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის “ალაფა”, რითაც უკვე წელს, 20-წლამდელთა სხვა 11 საუკეთესო ნაკრებთან ერთად ითამაშებს.
წარმატება იყო მოედანს მიღმაც - საქართველო ხდება მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის, “მსოფლიო რაგბის” სრულუფლებიანი წევრი, ხმის უფლებით; საქართველოს რაგბის კავშირის მუშაობის შედეგად, 2017 წელს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს და გახდება პირველი მეორე დონის ქვეყანა, რომელიც ამ ტურნირს მიიღებს! შესაძლოა, ვინმესთვის ეს მიზერია, მაგრამ საქმეში თუ კარგად ჩავიხედავთ, ეს უდიდესი წარმატებაა არა მხოლოდ რაგბის კავშირისთვის, არამედ ქვეყნისთვის და ეს წარმატებაც წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაუფასებელი დარჩა.
2015 წელს ქართული რაგბის ინფრასტრუქტურა ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდა, სპორტის ამ საოცარ სახეობაში, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასის შედეგების მიხედვით, ყურებადობის კუთხით უკან მოიტოვა აქამდე ჩატარებული მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატები და ზაფხულის ოლიმპიადები, ჩაერთო ორჯერ მეტი ახალგაზრდა და შედეგად, ქვეყანა მიიღებს ბევრად მეტ ჯანსაღ ახალგაზრდას, მაგრამ ეს ყველაფერი ჩრდილში დარჩა და ამ ყველაფრის ფონზე “დიდოსტატის მარჯვენა” მახსენდება - “რატომ კარგი აგიგია”...