კალათბურთი

1:43 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 7 ქულა და მარცხი “ოლიმპიაკოსთან”

ევროლიგის ტოპ-16-ის მე-2 ტურში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” პირეოსის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და 76:82 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 16:37 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

ბასკური კლუბის რიგებში საუკეთესონი ამერიკელი მაიკ ჯეიმსი (16 ქულა) და ბერძენი იოანის ბურუსისი (12 ქულა, 7 მოხსნა) იყვნენ, “ოლიმპიაკოსს” კი ვასილისი სპანულისმა (19), ოტელო ჰანტერმა (17), გეორგიოს პრინტეზისმა (15) და ვასილის მანცარისმა (14) ულიდერეს.

ბერძნული გრანდი 2 გამარჯვებით F ჯგუფის სათავეში იმყოფება, მას კი კვალში სწორედ “ლაბორალ კუჩა” უდგას თითო მოგება-წაგებით. 15 იანვარს შენგელიას კლუბი რუსულ “ხიმკის” ესტუმრება.

0.120198