ფეხბურთი

0:11 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვალიარელას “ტორინოს” ქომაგები გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებენ

იტალიური “ტორინოს” გულშემატკივრები თავიანთი საყვარელი გუნდის თავდამსხმელ ფაბიო კვალიარელას სხვა კლუბში გადასვლისკენ მოუწოდებენ. “ტოროს” ტიფოზებმა სპეციალური წერილი გამოაქვეყნეს, სადაც 32 წლის ფორვარდი “ტორინოსადმი” უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.

“ჩვენთან ყველაფერი უნდა დაამთავროს. აჯობებს სხვა გუნდში გადავიდეს, რადგან ჩვენ მისგან “ტორინოს” პატივისცემას ველოდებოდით, ის კი ამას მეტოქეებისადმი ამჟღავნებს.” - აქვეყნებს “ტორინოს” ქომაგთა მიმართვას გამოცემა “ტუტოსპორტი”.

საქმე ისაა, რომ ოთხშაბათს, სერია A-ს მორიგ კალენდარულ ტურში, “ნაპოლისა” და “ტორინოს” (2:1) შეხვედრის პირველ ტაიმში კვალიარელამ ნეაპოლიტანურ გუნდს პენალტი გაუტანა, თუმცა, ვინაიდან იგი ნეაპოლელია, გოლი არ აღუნიშნავს და მასპინძელ ქომაგებს ბოდიში მოუხადა... და როგორც ჩანს, სწორედ ამ საქციელმა გააღიზიანა “ტორინოს” გულშემატიკვირები.

ფაბიო კვალიარელა “ტორინოში” 2014 წლის ზაფხულში “იუვენტუსიდან” გადავიდა. გასულ სეზონში მან იტალიის ჩემპიონატში 34 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში თავი 5-ჯერ აქვს გამოჩენილი. სხვათა შორის, “ნაპოლის” კარში გატანილი გოლით მან თითქმის ოთხთვიანი მშრალი სერია შეწყვიტა, რადგან მანამდე ბოლოს გოლი გასული წლის 20 სექტემბერს, “სამპდორიას” კარში გაეტანა. ისიც სათქმელია, რომ ფაბიო 2009-2010 წლების სეზონში “ნაპოლის” რიგებშიც თამაშობდა...

0.120645