ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ “მალიორკაში” დასაქმდება. მადრიდული გამოცემა “მარკას” ცნობით, 41 წლის ალესანდრო კუნძულურ გუნდში სპორტული დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.
“მალიორკას” აქციათა საკონტროლო პაკეტი ცნობილმა კანადელმა კალათბურთელმა სტივ ნეშმა შეიძინა და სწორედ მან მიიწვია 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი თავის კლუბში. ცნობილია, რომ დელ პიეროსა და ნეშს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.
ალესანდრო დელ პიერომ ფეხბურთის თამაში “პადოვაში” დაიწყო, საიდანაც 1993 წელს ტურინის “იუვენტუსში” აღმოჩნდა. ალექსისა და “იუვეს” რომანმა კი 19 წელიწადს გასტანა და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდიც დაიტია. ამის მერე იტალიელი ფორვარდი “სიდნეისა” და “დელი დინამოში” ირჯებოდა. ბოლო პერიოდში კი “სქაი სპორტზე” სპორტულ კომენტატორად მუშაობდა.