2016 წელი საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები გუნდებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. საინტერესო ტურნირი ელის საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებს, რომელმაც შარშან ფედერაციის თასის პირველი ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში თამაშის უფლება შეინარჩუნა.
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩებს 2016 წლის 3-6 თებერვალს, ისრაელის ქალაქ ეილატში ჩაატარებს. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, A ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში C ჯგუფის საუკეთესო ნაკრებს შეხვდება. თავის მხრივ დაწყვილდებიან B და D ჯგუფის საუკეთესო გუნდებიც. ამ მატჩებში გამარჯვებული ორი გუნდი ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ეილატში ქართველთა გარდა კიდევ 13 ნაკრები გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ქალთა შორის ქვეყნის პირველი ჩოგანი სოფიო შაფათავა, ოქსანა კალაშნიკოვა, ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. გუნდის კაპიტანი მარგალიტა ჩახნაშვილია.
4-6 მარტს თბილისში, დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის მატჩები გაიმართება და საქართველოს ვაჟთა ნაკრები დანიის ნაკრებს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა II ჯგუფში თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც III ჯგუფში ალბანეთს, ისლანდიას, მალტას და ესტონეთს სძლიეს.
II ჯგუფის პირველ წრეში სულ 8 წყვილი ითამაშებს: ლიტვა-ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა-ლუქსემბურგი, ბულგარეთი-თურქეთი, ბოსნია ჰერცეგოვინა-ტუნისი, მონაკო-ლატვია, ეგვიპტე-ბელარუსი, ზიმბაბვე-ფინეთი და საქართველო-დანია.
თუკი საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევს, მე-2 წრეში ზიმბაბვეს და ფინეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 2017 წლისთვის ევრო/აფრიკული ზონის I ჯგუფში თამაშის უფლებას მე-2-ე ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მიიღებს, უარესი ოთხეული კი მე-3-ე ჯგუფში დაქვეითდება.
საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ვაჟთა შორის ქვეყნის პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ცივაძე. გუნდის ვლადიმერ გაბრიჩიძე უკაპიტნებს.