რაგბი

13:17 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს ნაკრებს “ოლ ბლექსის” ყოფილი თავკაცი გაწვრთნის

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯონ მიტჩელი, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების თავკაცი გახდა. კონტრაქტი, რომელიც 4 წელიწადზეა გათვლილი, უკვე ძალაშია და 51 წლის სპეციალისტი “არწივებში” მუშაობას შეუდგა.

მიტჩელმა სამწვრთნელო კარიერა 1996 წელს დაიწყო და ირლანდიის ნაკრებში შერკინების მწვრთნელად მუშაობდა, 1996-199 წლებში “სეილ შარქსს” ავარჯიშებდა, ხოლო 1997-2000 წლებში ინგლისის ეროვნულ ნაკრებში, კლაივ ვუდვორდის თანაშემწედ, შერკინების მწვრთნელად მუშაობდა. 2000-2001 წლებში ის “ჩიფსის” მთავარ მწვრთნელი იყო, ხოლო 2001 წლიდან 2003 წლამდე, ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდა და “ოლ ბლექსის” ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა თავკაცი იყო. მისი ხელმძღვანელობით “შავებმა” ორჯერ (2002 და 2003 წლებში) მოიგეს სამი ერი, 2003 წლის მსოფლიო თასზე კი, მესამე ადგილი დაიკავეს. მომდევნო წლებში მიტჩელი “ვაიკატოს”, “ვესტერნ ფორსს” და “ლაიონსს” წვრთნიდა, 2012 წელს “სეილ შარქსში” დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2013-2014 წლებში ზელანდიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის გუნდს ავარჯიშებდა.

ახლა ის კვლავ უბრუნდება დიდ რაგბის და “არწივების” თავკაცის რანგში პირველ შეხვედრას ამერიკის ახლადდაარსებულ ექვსი ერის გათამაშებაში, 6 თებერვალს არგენტინის “იაგუარების” წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, ევროპულის ანალოგიურ, ამერიკის ექვს ერში, აშშ-ს ეროვნული ნაკრებისა და არგენტინის “იაგუარების” (მეორე ნაკრები) გარდა, კანადის, ურუგვაის, ჩილესა და ბრაზილიის ნაკრებები ითამაშებენ.

0.107854