ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი სტივ ნეში საფეხბურთო სცენაზე ჩნდება. როგორც ესპანური მედია იტყობინება, 41 წლის კანადელმა ესპანეთის სეგუნდადივიზიონის ბინადარ “მალიორკას” აქციათა პაკეტი შეიძინა.
“ლოს ანჟელეს ლეიკერსის” ყოფილმა ვარსკვლავმა რობერტ სარვერთან (“ფინიქს სანსის” აქციათა მფლობელი) ერთად კუნძულელთა აქციების 81% შეიყიდა და კლუბის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეშს აღნიშნული სიამოვნება 20 მილიონი დაუჯდა. მან “მალიორკას” აქციები ენდი კოლბერგისგან შეიძინა.
მოგეხსენებათ, “მალიორკა” ამჟამად სეგუნდადივიზიონის ცხრილის ქვედა ნაწილშია და ლიგიდან არგავარდნისთვის იბრძვის. არადა დრო იყო, კუნძულელები ესპანური ბობოლა გუნდების გამწარებლად მიიჩნეოდნენ და ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობდნენ...
თავად ნეშმა კი აქტიური საკალათბურთო კარიერა შარშან დაასრულა. სტივს კარიერის საუკეთესო წლები “დალას მავერიქსში”, “ფინიქს სანსსა” და “ლოს ანჟელეს ლეიკერსში” გაუტარებია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია