საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს თბილისის მერ დავით ნარმანიას შეხვდნენ. მხარეებმა სკოლა „ოლიმპის“ მოედნით მოსარგებლე ფეხბურთელებისთვის ალტერნატიული მოედნის ტერიტორიის მოძიებასა და მოწყობაზე იმსჯელეს.
დედაქალაქის მთავრობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მუშაობს სკოლა „ოლიმპის“ მოედნით მოსარგებლე სპორტსმენებისათვის ალტერნატიული მოედნის ტერიტორიის მოძიებასა და მოწყობაზე.
“პირველ ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, რადგან შედგა ეს შეხვედრა. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ინიციატივით შედგა სამუშაო ჯგუფი, გვქონდა პირველი შეხვედრა და მე მიხარია, რომ დღეს თბილისის მერთან კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. ჩვენთვის პრიორიტეტია ბავშვებმა ივარჯიშონ, მათ არ ჩაუვარდეთ სამწვრთნელო მუშაობა. ხოლო მეორე, რაც მთავარია, გამოიძებნოს მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი, სადაც ფეხბურთის ფედერაცია, თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო ერთობლივად შევქმნით ახალ სავარჯიშო მოედანს“, - აცხადებს ლევან კობიაშვილი.
„თბილისის მთავრობა შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ჩვენი მომავალი თაობა, სპორტსმენები არ დარჩნენ სავარჯიშო მოედნის გარეშე და სხვადასხვა საშუალებებით შევძლოთ გამოვასწოროთ იმ მანკიერი პრაქტიკის შედეგები, რომელიც დედაქალაქის წინა მმართველობის პირობებში ტერიტორიების უპასუხისმგებლო გასხვისებით იქნა დანერგილი. აღნიშნული დღეს, საკმაოდ, მძიმე შედეგებისა და ფაქტების წინაშე გვაყენებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის, სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი აპირებს მიმართოს საკრებულოს, რათა დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და სამომავლოდ, სპორტული ობიექტები უფრო მეტად დაცული იყოს, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
„მოგეხსენებათ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში და მათ შორის, ქალაქის მერის უშუალო ინიციატივით, 2015 წელს მოხდა ძალიან დიდი მატება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით - სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატა არაერთი დარბაზი, არაერთი სასახლე და ეს პოლიტიკა შემდგომშიც გაგრძელდება. არათუ, ახალი ობიექტები შეემატება თბილისს, არამედ ძველიც, შესაბამისად, უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონიც ესწრებოდნენ.
სფფ-ს პრესსამსახური