აშშ-ის ნაკრების ყოფილი მეკარე ბრედ ფრიდელი ამერიკის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. ამის შესახებ АР იტყობინება.
44 წლის ფრიდელმა, რომელსაც ფეხბურთელობის უმეტესი წლები ინგლისის პრემიერლიგაში “ლივერპულის”, “ბლექბერნისა” და “ასტონ ვილას” შემადგენლობაში გაუტარებია, კარიერა გასული წლის მაისში “ტოტენჰემში” დაასრულა. ის აშშ-ს ნაკრების ღირსებას 1992-2005 წლებში იცავდა. ბოლო პერიოდში ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში საქმიანობდა და ტელეკომპანია Fox-ის ექსპერტი იყო.
ამერიკის ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრიდელის დებიუტი “კოპა ატლანტიკოს” ტურნირზე შედგება, რომელსაც 27 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ესპანეთი უმასპინძლებს.