კალათბურთი

0:10 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე “გრაველინიდან” “რუენში” გადაბარგდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერ “გრაველინ-დიუნკერკთან” კონტრაქტი გაწყვიტა, თუმცა, უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა, რადგანაც პირობებზე საფრანგეთის პრო A-შივე მოთამაშე “რუენს” შეთანხმდა.

29 წლის ცინცაძემ გრაველინელთა რიგებში 14 მატჩის ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მონაგარი კი 3.9 ქულა, 1.1 მოხსნა და 1.6 პასი იყო. ისიც ვთქვათ, ამ დროისთვის, გიორგის უკვე ყოფილი კლუბი 12 მოგებით და 3 მარცხით, ჩემპიონატის პირველ ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება ქართველი მცველის ახალ გუნდ “რუენს”, ის 4 მოგებით და 11 მარცხით, ბოლოსწინა მე-17 პოზიციაზეა. რუენელებს მომდევნო მატჩი 8 იანვარს ასეთივე მონაგარის მქონე “შოლესთან” შინ ელით და სავარაუდოა, რომ ცინცაძის დებიუტი ამ შეხვედრაში შედგება.

“ამერიკელი კერონ ჯონსონის წასვლის შემდეგ, ახალი კანდიდატურა სწრაფად უნდა მოგვეძებნა. იმ კალათბურთელებს ვაკვირდებოდით, რომელთა გადაბირების საშუალებასაც ჩვენი ბიუჯეტი იძლეოდა. გიორგი დიდი გამოცდილების მქონე უკანახაზელია, რომელსაც ინიციატივის თავის თავზე აღება შეუძლია.

ის საფრანგეთის ჩემპიონატს უკვე იცნობს, კარგ ფორმაშია და როგორც ადამიანს და პროფესიონალს, კარგად ახასიათებენ. ცინცაძის შესაძლებლობები კარგად ვიცით, ამდენად, ბევრი აღარ გვიფიქრია”, - აღნიშნა “რუენის” მთავარმა მწვრთნელმა რემი ვალინმა, რაც გვაფიქრებინებს, რომ “გრაველინ-დიუნკერკისგან” განსხვავებით, ახალ კლუბში, ქართველს საკმარისი სათამაშო დრო ექნება.

0.117186