რაგბი

14:20 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის ლელო დიდი შესვენების წინ (+VIDEO)

საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში, მე-12 ტურის შემდეგ ლამის 2-თვიანი შესვენება გამოცხადდა და შიდა პირველობა 19 მარტს განახლდება, ოღონდ მანამდე, 14 თებერვალს “ბორდო” “ტულონს” ეთამაშება.

ეს შესვენება სულაც არ ნიშნავს იმას, კლუბები და მორაგბეები დაისვენებენ, რადგან ხანგრძლივი პაუზა ევროთასების გადადებული, მეხუთე და მეექვსე ტურის, ასევე სანაკრებო თამაშებითაა (ექვსი ერი, ერთა თასი) გამოწვეული. მანამდე, მე-12 ტურში, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ სეზონის პირველი, ხოლო ტოპ 14-ში მოღვაწეობის მე-6 წელიწადში მეორე ლელო გაიტანა.

მისი, მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი” გიორგი ნაცარაშვილის “პოს” დაუხვდა და 21:17 დაამარცხა. მატჩში ოთხივე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთა სამივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ჩილაჩავა და მიქაუტაძე 54-ე წუთზე შეცვალეს, ოღონდ კოტეს 4 წუთში მოუწია მოედანზე დაბრუნება, ხოლო გორგოძემ 70 წუთი ითამაშა. 70-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ნაცარაშვილი.

“ტულონი” თავიდან შერკინებასა და მოლში დიდ უპირატესობას ფლობდა და 30-ე წუთზე, ჩილაჩავას წინააღმდეგ შერკინებაში დაჯარიმებისთვის სტუმართა ბურჯი სინბინით დაისაჯა. ტაიმის 11:3 მოგების შემდეგ, 50-ე წუთზე მასპინძლებმა მოლით შეუტიეს, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, სადაც მას მიქაუტაძე დაეუფლა და მძლავრი ქართველი ვერავინ შეაჩერა. 5 წუთში “ტულონმა” მესამე ლელო გაიტანა, 21:3 დაწინაურდა და მასპინძლებს მოგებასთან ერთად პრემიალურ ქულაზე ფიქრის საშუალება გაუჩნდათ, მაგრამ “პო” არ დანებდა, ერთი ლელო მალევე გაქვითა, 75-ე წუთზე, ნაცარაშვილით გაძლიერებულმა სტუმართა შერკინებამ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა და მოგების შანსიც გაუჩნდა, მაგრამ საბოლოოდ თამაში 21:17 დასრულდა და “ტულონს” 4, ხოლო “პოს” 1 პრემიალური ქულა შეხვდა.

ოთხმა ქართველმა ითამაშა ტოპ 14-ის კიდევ ერთ შეხვედრაში, სადაც კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივმა” მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის “მონპელიე” 19:18 დაამარცხა. სამი ქართველი აქაც სასტარტო შემადგენლობაში იყო - მასპინძელთა შორის ჟღენტი, რომელიც 30-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა და ასიეშვილი, ვინაც 54 წუთი ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის ნარიაშვილი, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს. 57-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ქუბრიაშვილი.

თამაში დაძაბული გამოდგა და პირველ ტაიმში სტუმრები 12:3 დაწინაურდნენ, შესვენებაზე კი, 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. თამაში რომ განახლდა “ბრივმა” შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა და გარდასახვით დაწინაურდა (13:12), რის შემდეგაც უპირატესობა აღარც დაუკარგავს. “მონპელიემ” ჩამორჩენა მინიმუმამდე 68-ე წუთზე დაიყვანა, მაგრამ მერე ანგარიში აღარ შეცვლილა და სტუმრებს მხოლოდ ქულა ერგოთ.

ერთმა ქულამ გადაწყვიტა ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსესა” და ვასილ კაკოვინის “ტულუზის” შეხვედრის ბედი. სამწუხაროდ, აქ განაცხადში მხოლოდ ერთი ქართველი იყო და კაკოვინმა პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა. “ტულიზი” 52-ე წუთისთვის 11:3 იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, მერე ლელოთი წონასწორობა აღადგინეს და გარდასახვის შემდეგ 64-ე წუთზე 13:11 დაწინაურდნენ. “ტულუზი” 70-ე და 75-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით კვლავ დაწინაურდა, მაგრამ 78-ე წუთზე ლელო გაუშვა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა - 17:18.

ტოპ 14-ს “ტულუზისთან” ერთად კიდევ ორი გუნდი რომ ლიდერობს, ერთ-ერთი დავით ხინჩაგიშვილის “რასინგია”, რომელმაც “ბორდო” ქართველი ლეგიონერის გარეშე 23:18 დაამარცხა. კიდევ ერთი ლიდერი დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონია”, რომელმაც თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენს” სტუმრად 33:16 სძლია. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.

ლექსო ყაულაშვილის და გაგი ბაზაძის “ლა როშელმა” “კასტრი” 25:21 დაამარცხა. ყაულაშვილმა შეცვლაზე დასკვნითი 6 წუთი ითამაშა და ამ პერიოდში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ტოპ 14. XII ტური

2-3 იანვარი

აჟენი - კლერმონი 16:33

ლა როშელი - კასტრი 25:21

გრენობლი - ოიონაქსი 42:17

რასინგი 92 - ბორდო 23:18

ბრივი - მონპელიე 19:18

ტულონი - პო 21:17

სტად ფრანსე - ტულუზი 18:17

გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ

1.

რასინგი 92

12

9

1

2

244:222

38

2.

კლერმონი

12

7

1

4

325:215

38

3.

ტულუზი

12

8

0

4

309:173

38

4.

ტულონი

12

7

0

5

381:241

36

5.

ბორდო

12

7

1

4

266:234

33

6.

ბრივი

12

7

0

5

224:205

32

7.

მონპელიე

12

7

0

5

313:303

32

8.

კასტრი

12

6

0

6

275:264

29

9.

ლა როშელი

12

5

0

7

258:273

26

10.

გრენობლი

12

5

0

7

290:316

24

11.

სტად ფრანსე

12

5

0

7

229:262

22

12.

პო

12

4

1

7

204:316

20

13.

ოიონაქსი

12

3

0

9

217:385

14

14.

აჟენი

12

2

0

10

232:358

10

0.250123