კალათბურთი

0:10 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძემ ლიდერთან გაიბრწყინა: 25 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი

ვიქტორ სანიკიძის ჩინებული თამაშის წყალობით, “ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” თურქეთის ჩემპიონატის ლიდერ “ანადოლუ ეფესს” სტუმრად დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ ბოლო წამებზე წააგო – 72:75.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და თითქმის შეუცვლელად – 38:27 (!) წუთი ითამაშა. ამ დროში ვიკას მონაგარი 25 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.

სანიკიძემ 4-ვე ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ვიქტორი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

საინტერესოა, რომ სანიკიძეს თამაში ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ დარიო სარიჩის წინააღმდეგ უწევდა და მეტად საინტერესო დუელიც გამოვიდა. სარიჩმა 30:00 წუთი ითამაშა და 20 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, თუმცა, სათადარიგოთა სკამზე ნაადრევად, 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.

“ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” 6 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და 16-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე იმყოფება. დედაქალაქური კლუბი მომდევნო შეხვედრას 9 იანვარს, შინ, მე-9 ადგილოსან “გაზიანთეფთან” ჩაატარებს.

0.138335