კალათბურთი

23:04 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითა” ახალ წელსაც ძველებურად თამაშობს

თბილისურმა “ვითამ”, რომელსაც შარშან ვთბ-ლიგაში კოშმარული შედეგები ჰქონდა, 2016 წელიც უიმედო მარცხით გახსნა. ქართულმა კლუბმა ტურნირზე ზედიზედ მე-14 წაგება სარატოვის “ავტოდორისგან” იწვნია – 59:111.

“ვითა”, რომლის განაცხადშიც ამერიკელი ახალწვეულები ომარ ტომასი და ანდრე ჯონსი ვერ ვიხილეთ, რუსული კლუბის წინააღმდეგ 9 კალათბურთელის ამარა წარსდგა. მათგან მაიზერ რევაზაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ამდენად, მასპინძლები 8 მოთამაშის ამარა იყვნენ.

სიახლე იყო ის, რომ გუნდმა მთავარი მწვრთნელის რანგში რუსი პაველ გოოგეს ნაცვლად, ლატვიელი ნიკოლაის მაზურსი მიიწვია, მისი თანაშემწეები კი მიხეილ კობეშავიძე და ჩერნოგორიელი მილოშ პავიშევიჩი არიან.

თბილისის სპორტის სასახლეში გამართული მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც სარატოველებმა 54:27 მოიგეს, დარჩენილ დროში კი სხვაობის ზრდით იყვნენ დაკავებულნი.

“ვითას” რიგებში საუკეთესო რუსი ვლადისლავ სტარატელევი იყო 15 ქულით, ირაკლი ჩლაიძემ კი 14 ქულა ჩააგდო. ცხადია, ქართული კლუბი ვთბ-ლიგის უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 11 იანვარს, ფინეთში, “ბაიზონსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.1256