თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ის პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. ბასკებმა კაუნასში “ჟალგირისს” 89:68 სძლიეს, ქართველი ფორვარდი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
შენგელია სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 24:38 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
“ლაბორალ კუჩას” რიგებში დამაჯერებლად ითამაშეს დარიუს ადამსმა (16 ქულა), მაიკ ჯეიმსმა (15), ფაბიენ კოსიემ (13), ილიმანე დიოპმა (10) და ადამ ჰანგამაც (7 ქულა, 10 მოხსნა).
ესპანურმა კლუბმა F ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა, მომდევნო მატჩს კი 7 იანვარს, შინ, პირეოსის “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც საწყის მატჩში კატალონიური “ბარსელონა” 74:62 დაამარცხა.