რაგბი

22:07 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

16 კლუბის კანდიდატი - გოჩა სვანიძე

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გოჩა სვანიძე იქნება, რომელიც ხმის უფლების მქონე 37 ნამდვილი წევრიდან ერთბაშად 16-მა წარადგინა.

52 წლის გოჩა სვანიძე ქართული რაგბის ოჯახში 1981 წელს მივიდა და 1994 წლამდე “სამედიცინო ინსტიტუტში”, “შევარდენში”, “ელმავალში”, “მიმინოში”, “ამირანში” და “თბილისში” თამაშობდა. მცირეხნიანი შესვენების შემდეგ, ის ქართული რაგბის სამსახურში იურიდიული კუთხით 1998 წლიდან დაბრუნდა, 2004 წლიდან დღემდე კი, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა. ის დაოჯახებულია და ყავს ორი შვილი.
ზემოთ ვთქვით, რომ სვანიძე 16-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა და მათგან 7 უმაღლესი ლიგის კლუბის - თბილისის “ლელო-სარასენსი”, “ლოკომოტივი”, “არმია” და “აკადემია”, ქუთაისის “აია”, ბოლნისის “ყოჩები” და გორის “ჯიქი”. მათ გარდა სვანიძის კანდიდატურას მხარს უჭერენ “ჯიხა”, ქუთაისის სარაგბო სკოლა, “ჭიათურა”, “ჯრუჭი”, “დინამო”, “კოლხი რაინდები”, “იუნკერები”, ქუთაისის უნივერსიტეტი და “დევები”. ეს ის სუბიექტები არიან, რომლებიც წარდგენას პირადად ესწრებოდნენ, თუმცა, სვნიძის მხარდამჭერთა რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. სვანიძე ის კანდიდატია, რომელსაც მხარს უჭერს სრკ-ს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და რაგბის კავშირში დღეს არსებული გუნდი. ოფიციალური წარდგენისას ყველა ერთად ხომ არ ისაუბრებდა და ოფიციალური ნაწილი საკუთარ თავზე “ლელოს” დამფუძნებელმა ბათუ კევლიშვილმა აიღო:
“მივესალმები ქართული რაგბის ყველა თაობის წარმომადგენელებს, იმათ ვინც აქ არიან და იმათაც, ვინც მიზეზთა გამო დღეს მოსვლა ვერ მოახერხა. მეგობრების და კლუბების სახელით, მათთან შეთანხმებით, წარმოგიდგენთ სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს, მაგრამ მანამდე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სრკ-ს მოქმედ პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს იმ შესანიშნავი 8 წელიწადისთვის, რომელიც ქართულ რაგბის მისი პრეზიდენტობისას ჰქონდა. ეს 8 წელიწადი გარდამტეხი იყო ქართული რაგბის აღმასვლაში და ისაა იმ უდიდესი შრომის ნაყოფი, რომელიც პირადად გიორგი ნიჟარაძემ და მისმა გუნდმა გაწია. ეს იყო შემოქმედებითი და აღმასვლით დატვირთული წლები. მასზე და ამ პერიოდზე საუბარით არასდროს დავიღლები და დრო არ მეყოდა ყველაფრის სათქმელად. ნიჟარაძემ დატოვა თავისი ხელწერა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაყვება ქართულ რაგბის. ყველას სახელით მას კიდევ ვუხდი მადლობას და იმედია, ის დარჩება ქართულ რაგბში და მეგობრების გვერდით დადგება.
ახლა, რაც შეეხება ახალ კანდიდატს. უმაღლესი ლიგის 7 კლუბის და ქვედა ლიგის კლუბებებთან, ვეტერანებთან, რეგიონების წარმომადგენლებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, არჩევანი გოჩა სვანიძეზე შევაჩერეთ. ჩვენი თანამოაზრენი კიდევ უფრო ბევრნი არიან და ზოგიერთი მათგანი აქ წარმოდგენილი არაა. გვწამს, რომ გოჩა სვანიძე გააგრძელებს გიორგი ნიჟარაძის დაწყებულ კურსს. ისაა საზოგადოებისთვის საყვარელი, თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი და განვლილი 8 წლის განმავლობაში არ იყო არცერთი ისეთი პროექტი, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიუღია.
2004 წლიდან დღემდე ის სრკ-ს გამგეობის თავმჯდომარეა, არის ძველი მორაგბე, რომელსაც გავლილი აქვს ყველა სკოლა და არჩევის შემთხვევაში, იქნება ჩვენი გუნდის იდეების გამგრძელებელი. გიას შემდეგ მისთვის დიდი ტვირთი და დამატებითი პასუხისმგებლობა იქნება ამ პოსტის დაკავება, მაგრამ მზადაა გააგრძელოს არჩეული კურსი, რათა ეროვნულმა ნაკრებმა აღმასვლა განაგრძოს და მაქსიმუმი გაიღოს შიდა რაგბის განვითარებისთვის, რომელიც გიორგი ნიჟარაძემ დაიწყო. მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომლის ღვაწლიც დაუფასებელია ქართულ რაგბის განვითარებაში და ის კვლავ გააგრძელებს ქართული რაგბის გვერდში დგომას.
საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები ისე უნდა ჩატარდეს, როგორც ქართულ რაგბის ეკადრება. ამის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ ვინმეს რომ არ გაუჩნდეს მსგავსი ცდუნება, აქვე ვიტყვით - არავის მივცემთ ამ პროცესში ჩარევის უფლება”.
ამის შემდეგ სიტყვა პრეზიდენტობის კანდიდატმა გოჩა სვანიძემ აიღო, რომელიც ჟურნალისტებს გაეცნო, საკუთარი ბიოგრაფიის ფრაგმენტებზე უამბო და დასძინა:
“დღეს მე პროგრამაზე და მის დეტალებზე არ ვისაუბრებ. ამაზე მოგვიანებით, ნაახალწლევს გვექნება საუბარი. მინდა მასლობა გადავუხადო მეგობრებს აქ მობრძანებისთვის. დღესვე ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას და მერწმუნეთ, ეს უბრალო სიტყვები არაა. მჯერა ყველაფერი კარგად იქნება. ცხოვრებაში ხშირია გაყოფები და გამთლიანებები და ქართული რაგბიც აუცილებლად გამთლიანდება. ნიჟარაძე ჩემი მეგობარი და თანამებრძოლია და თუ 24 იანვარს მე ამირჩევენ, რთული იქნება მისგან მემკვიდრეობის მიღება. თუმცა, აქ მყოფი ადამიანების და გიას თანადგომით, მწამს, შევძლებთ ქართული რაგბის განვითარების გაგრძელებას”.
სულ ბოლოს იქ მყოფებმა სიტყვის თქმა გიორგი ნიჟარაძეს სთხოვეს, რომელმაც კანდიდატზე საუბრამდე უდიდესი მადლობა გადაუხა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც საქართველოს უმძიმეს პერიოდში რაგბი შეუნარჩუნეს:
“ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რაც ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, განვლილი 8 წელიწადი მიმუშავია. ადამიანები იდეის გარშემო ერთიანდებიან და ერთად ახერხებენ ყველა წარმატების მიღწევას. საქართველოში რაგბი 8 წლის წინ არ დაწყებულა და ჩემთვის დიდი პატივი იყო, წინამორბედების დაწყებული საქმის გაგრძელება. რაგბი დღევანდელობამდე მთელმა თაობებმა მოიტანეს. ესაა ყველა თაობის მონაგარი და მწამს, მომავალში სწორედ ასევე, კიდევ უფრო უკეთ გაგრძელდება.
მადლობა ჩემს წინამორბედებს, დავით კილასონიას, რომელმაც ქართული რაგბის განვითარებაზე ზრუნვაზე მისი დამოუკიდებლობის დღიდან დაიწყო; მადლობა ბიძინა გეგიძეს, რომელმაც საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, მთელი 9 წლის განმავლობაში უდიდესი სამუშაო გაწია, გაჭრა ფანჯარა საფრანგეთში, რაზეც საქართველოს ნაკრების დღევანდელი წარმატება დგას; მადლობა მერაბ ანთაძეს, რომელმაც ყველაფერი გაიღო ქართული რაგბის წინსვლისათვის. ჩვენც რაღაც შევძელით და ეჭვი არ მეპარება, რომ არჩევის შემთხვევაში გოჩა უკეთესად გააგრძელებს ამ საქმეს.
მადლობა ჟურნალისტებს, რადგან სწორედ თქვენი დამსახურებაა რაგბის პოპულარიზაცია. თუ არ გამოჩნდა ის, რაც კეთდება, შეიძლება შრომა წყალში ჩაიყაროს და გაშუქების კუთხით, თითოეულ ჟურნალისტს უდიდესი წვლილი მიუძღვის. მადლობა ყველა ფორმაციის ნაკრების თითოეულ წევრს, რომელსაც 1989 წლიდან მოყოლებული ინგლისის მსოფლიო თასით დამთავრებული, თუნდაც ერთი თამაში ჩაუტარებია ეროვნულ გუნდში. რაც არ უნდა კარგად იმუშაოს “ოფისმა”, მწვერვალი სწორედ ეროვნული ნაკრებია და მადლობა განურჩევლად ყველას, ვისაც ოფლი და სისხლი დაუღვრია ქართული რაგბისთვის.
მადლობა კლუბებს, რომელიც ამ ყველაფრის საწყისია. სწორედ კლუბები ზრდიან ბავშვებს უწინარესად კარგ ადამიანებად და მერე - კარგ მორაგბეებად. ისინი მათ შვილებივით თავს ევლებიან და მაქსიმუმს აკეთებენ განვითარებისთვის. 90-იან წლებში იმიტომ გადარჩა რაგბი, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არინ მასში ჩართული. ეს ხალხი სახლებს ყიდდა და ფული რაგბში მოჰქონდა. სწორედ კლუბებია ქართული რაგბის საფუძველი და იმედია, მომავალში პრიორიტეტი სწორედ შიდა რაგბი იქნება.
მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომლის სტადიონების პროექტების გარეშე ბევრი რამ არ გვექნებოდა. მადლობა მთავრობას ჩართულობისთვის, რომლის პროგრამების გარეშე ქართული კლუბები და ქართული რაგბი მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. მადლობა ყველა კომპანია და კერძო პირს, რომელიც ქართულ რაგბის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვერდში დადგომია. და განსაკუთრებული გულშემატკივარს, რომელთა თანადგომაც მართლაც ფასდაუდებელია პირადად ჩემთვის და მთლიანად ქართული რაგბისთვის, რადგან სპორტი გულშემატკივრის გარეშე, უბრალოდ, არ არსებობს.
პირადად მე რაგბიში სიყვარულით მოვედი და ამ ოჯახში დღემდე სიყვარულით ვრჩები. ის 9-10 წელიწადი, რაც რაგბის ვთამაშობდი, ჩემთვის იყო ყველაზე ძვირფასი პერიოდი. ჩემი გადაწყვეტილება წასვლის შესახებ, ადვილი მისაღები არ იყო, მაგრამ 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, საქმე ბევრად უკეთ იქნება. უკვე ნაახალწლევს, საარჩევნო კამპანიის დროს ვისაუბრებთ კონკრეტულად იმ თემებზე, რაც უნდა გაკეთდეს. მჯერა, მომდევნო 4 წელიწადი წინამორბედებზე კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
რაც შეეხება გოჩას, მას დიდი ხანია ვიცნობ და მისი არაერთი თვისების გამორჩევა შეიძლება, მაგრამ უმთსვრესი, პრინციპულობაა. ხშირად გვიკამათია ამა თუ იმ საკითხზე, როგორ უნდა გაგვეკეთებინა და ამ კამათებში უფრო ხშირად დავმარცხებულვარ, რადგან მისი არგუმენტები ყოველთვის იყო მყარი და დასაბუთებული. არ ვისურვებდი მის ადგილზე ყოფნას, რადგან დარჩენა იქ, სადაც ავედით და კიდევ უფრო წინსვლა, ურთულესი იქნება. მწამს, პროფესიონალიზმით და უდიდესი გამოცდილებით, მის ხელში ქართული რაგბი კარგად იქნება. მჯერა, ის შეინარჩუნებს არსებულ კარგს და გამოასწორებს იმას, რაც არ იყო და ქართულ რაგბის გუნდთან ერთად ბევრად უფრო წარმატებულს გახდის.
აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ ამ გუნდს ჩემი გამოცდილება დაჭირდება, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით, მზად ვარ გვერდში დავუდგე. ჩემთვის სკამი და თანამდებობა არასდროს ყოფილა პრიორიტეტული და არც რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტობა მაძლევს ფინანსურ სარგებელს, მაგრამ მე ამ პოზიციაზე ვრჩები და განვაგრძობ ბრძოლას ქართული რაგბის წარმატებისთვის. მე არ ვიქნები სრკ-ს პრეზიდენტი, მაგრამ ვრჩები ქართულ რაგბიში, რადგან რაგბი ზუსტად ისე მიყვარს, როგორც ჩემი ერთადერთი ქალიშვილი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს და ქალიშვილს, რომლებიც სახლში თითქმის ვერ მხედავდნენ, მაგრამ მუდამ მხარში მედგნენ”.
შეგახსენებთ, რომ სრკ-ს პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო და საკუთარი კანდიდატურები მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ წამოაყენეს. ამას მოყვა გამგეობის განცხადება, არჩევნების პროცესში გარეშე პირების ჩარევის შესაძლებლობაზე, რის შემდეგაც ორივე კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა და არჩევნები 2016 წლის 24 იანვრისთვის გადაიდო. კანდიდატების წარდგენის ვადა 18 იანვარს, 13:00 საათზე იწურება. ირაკლი აბუსერიძე არ გამორიცხავს, რომ საკუთარი კანდიდატურა კვლავ დააყენოს. კანდიდატურის დაყენებას გეგმავს ყოფილი “ბორჯღალოსანი” კახაბერ კობახიძე, ასევე ლევან ცაბაძე, თუმცა, ეს უკანასკნელი ამბობს, რომ საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს, თუ პრეზიდენტობის სურვილს აბუსერიძე გამოთქვამს.

www.rugby.ge-ს ფოტოები და ვიდეო

0.169753