ფეხბურთი

14:05 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა და “ბაიერნი”: ორი განსხვავებული ფილოსოფია

მიმდინარე სეზონის ბოლოს პეპ გვარდიოლა მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტს რომ დატოვებს, უკვე დრომოჭმული ამბავია. თუმცა ავტორიტეტულმა და სახელგანთქმულმა გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” აღნიშნულის მთავარ მიზეზებზე ისაუბრა და ხუთი ფაქტორი გამოჰყო, რის გამოც კატალონიელ სპეციალისტს ზაფხულიდან ახალი სამუშაოს ძებნა მოუწევს.

ფილოსოფია – “ბაიერნი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, როგორც წარსულით, ისე აწმყოთი და შესაძლო მომავლით. “ბაიერნის” ფილოსოფია აბსოლუტურად განსხვავებულია სხვა ქვეყნის გუნდებისგან, თუნდაც ინგლისისგან, რომელსაც გვარდიოლას შემდეგ სამსახურად ასახელებენ. მაგალითად: თუ “მანჩესტერ სიტიმ” გასულ ზაფხულს კევინ დე ბრუინეს სანცვლოდ 80 მილიონი, ხოლო “ლივერპულმა” რობერტო ფირმინიოში 41 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო “ბაიერნის” გასული სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნე ანხელ დი მარია პსჟ-ში 63 მილიონ ევროდ გადაბარგდა და ამის სანაცვლოდ მიუნხენელებმა დუგლას კოშტა 30 მილიონად იყიდეს, ხოლო კინგსლი კომანის იჯარა 7 მილიონი დაუჯდათ (შესაძლო გამოსყიდვის პერსპექტივით – 21 მილიონი). ანუ, ორ ფეხბურთელში უფრო ნაკლები დახარჯა, ვიდრე პარიზულმა გუნდმა დი მარიაში.

შეუთანახმებლობა – გვარდიოლა “ბაიერნს” გაცილებით მეტი თანხის დახარჯვისკენ მოუწოდებდა, ეს კი გერმანული გუნდის ფილოსოფიაში არ ჯდება. პირველი შეუთანხმებლობა ტონი კროოსის შემთხვევაში წარმოიშვა: ტონი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ გაზრდილ ხელფასს ითხოვდა, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობა ამაზე თანახმა არ იყო, იმის მიუხედავად, რომ კროოსს პეპი მნიშვნელოვან ფიგურად მოიაზრებდა. საბოლოოდ, ტონი “რეალში” 30 მილიონად გაიყიდა, ხოლო გვარდიოლამ მის შემცვლელად ჩაბი ალონსო მოიყვანა. ეს სიტუაციაც დაპირისპირების მიზეზი გახდა – მიუნხენელებს ჩაბის დამატება უფასოდ მართებდათ, მაგრამ სანამ სიტუაციაში კარგად გაერკვნენ, ბასკმა მადრიდელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და მასში საბოლოო ჯამში 10 მილიონი ევრო იქნა გადახდილი.

ტრანსფერები - “ბილდი” კიდევ ერთ მიზეზად ლუის სუარესის არშემდგარ ტრანსფერს ასახელებს. გვრადიოლას ურუგვაელი ფორვარდის ყიდვა უნდოდა, მაგრამ “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელობამ ფსონი ხორვატ მარიო მანჯუკიჩზე გააკეთა, რომელიც პეპს გუნდში დახვდა. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა ბრაზილიელი ნეიმარის შემთხვევაშიც: გვარდიოლა “ალიანს არენაზე” ახალი მისული იყო, როცა ნეიმარის შეძენა კატეგორიულად მოუთხოვია, მაგრამ “ბაიერნმა” უპირატესობა მარიო გიოტცეს მიანიჭა, რომლის ტრანსფერიც ყველანაირი გაგებით გაცილებით იაფი დაჯდა და თანაც გიოტცესთვის ბუნდესლიგა ნაცნობი ადგილი იყო. შესაბამისად, ადაპტირება არ უნდა გასჭირვებოდა. 2014 წლის მუნდიალის ფინალის გადამწყვეტი გოლის ავტორთან ესპანელ მწვრთნელს გადასარევი ურთიერთობა არასდროს ჰქონია და გიოტცეც ძირითადად შეცვლებზე თამაშით კმაყოფილდება. “ბილდის” ნომერი მეხუთე მოტივი ჩილელი არტურო ვიდალია – გვარდიოლას ერჩივნა მარჯვენა მცველი დაემატებინა, ეს კი მას საშუალებას მისცემდა გამოცდილი ფილიპ ლამი საბოლოოდ გადაეყვანა ნახევარდაცვის ცენტრში. “ბაიერნმა” კი საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და “იუვენტუსიდან” ვიდალი შეიძინა. არადა, გვარიდიოლამ, როგორც წყარო წერს, ოქტომბერში კარლ ჰაინც რუმენიგეს განუცხადა, ვიცი, ლამს ნახევარდაცვაში უკეთ თამაში შეუძლიაო...

სწორედ ზემოხსენებულ თემებს ასახელებს “ბილდი” გვარდიოლასა და “ბაიერნის” ურთიერთობის დასასრულის მთავარ მოტივებად. ახლა კი, “ბაიერნი” ხელგაშლილი ახალ მწვრთნელს, იტალიელ კარლო ანჩელოტის ელოდება...

0.158711