ევროლოგის ტოპ-16-ის პირველი ტური წარუმატებელი გამოდგა მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკასთვის”. ქართველი კალათბურთელის გუნდი მალაგაში “უნიკახას” ესტუმრა და 62:70 დამარცხდა.
მარკოიშვილმა მოედანზე 08:51 წუთი დაჰყო და 2 მოხსნას და 1 ჩაჭრას დასჯერდა. მან ორქულიანი და 3 სამქულიანი ააცილა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
თურქულ კლუბს 15 ქულით და 11 მოხსნით სემიჰ ერდენმა ულიდერა, “უნიკახას” გამარჯვებაში კი ლომის წვლილი ფრანგმა ედვინ ჯეკსონმა შეიტანა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.
ისიც ვთქვათ, რომ თბილისის “არმიას” ყოფილმა წევრმა და ქართული პასპორტის მქონე უილ ტომასმა მალაგელებს 25:10 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა.
დღეს, თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” კაუნასში “ჟალგირისს” ესტუმრება, ჯეიკობ პულენის “ცედევიტა” კი კრასნოდარის “ლოკომოტივს” უმასპინძლებს.