ჭადრაკი

23:39 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია შიროვს დაუზავდა

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ალ-აინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველობა გაიმყარა ჩინელმა ჰაო ვანგმა (2707), რომელმაც მე-7 ტურში თეთრი ფიგურებით მიხეილ მჭედლიშვილი (2635) დაამარცხა და 6.5 ქულა მოაგროვა, ქართველი მოჭადრაკე კი 4.5 ქულით მე-15 ადგილამდე დაქვეითდა.

5.5 ქულით და დამატებითი მაჩვენებლების წყალობით, მე-2 პოზიცია შეინარჩუნა ლატვიელმა ალექსეი შიროვმა (2676), რომელიც შავებით ლევან ფანცულაიას (2598) დაუზავდა. ეს უკანასკნელი 5.0 ქულით მე-7 საფეხურზეა და საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

წარმატებული დღე ჰქონდათ ალ-აინში მოთამაშე დანარჩენ ქართველებს. შოთა აზალაძემ (2468) შავებით ინდოელ ინიანს (2275) სძლია, ხოლო ბაჩანა მორჩიაშვილმა (2326) ფილიპინელი დენის სან ხუანი (2101) დაამარცხა. აზალაძეს და მორჩიაშვილს 4.0-4.0 ქულა მოუგროვდათ და ცხრილშიც მეზობლად იმყოფებიან, შესაბამისად, 53-ე და 55-ე ადგილებზე.

ბოლოსწინა მე-8 ტურში ფანცულაია შავი ფიგურებით ალეკსანდრ რახმანოვს (რუსეთი, 2640) ეთამაშება, მჭედლიშვილი თეთრებით – ვადიმ მალახატკოს (ბელგია, 2531), აზალაძე თეთრებით – მირჩეა-ემილიან პარლიგრაშს (რუმინეთი, 2586), ხოლო მორჩიაშვილი შავებით – რაჯპარა ანკიტს (ინდოეთი, 2489).

0.123212