ხორვატი ვეტერანი მეკარე სტიპე პლეტიკოშა დღეს ლა კორუნიის “დეპორტივოს” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
AS-ის ცნობით, 36 წლის ფეხბურთელმა დღეს სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და კონტრაქტზე ხელმოწერას დასვამს, რომელიც სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი.
პლეტიკოშას ტრანსფერის შესახებ პირველი ინფორმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ გაჩნდა. მთელი ეს პერიოდი სტიპე თავის აწ უკვე ყოფილ კლუბთან, “როსტოვთან” კონტრაქტის გაწყვეტით იყო დაკავებული, რომლის ღირსებასაც 2011 წლიდან იცავდა. გალისიურ კლუბში ხორვატმა ფაბრი უნდა შეცვალოს, რომელიც დაშავდა და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. პლეტიკოშას სასტარტო შემადგენლობაში დასამკვიდრებლად გერმან ლუკსის კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
კარიერის განმავლობაში პლეტიკოშა “ჰაიდუკის”, “შახტარის”, “სპარტაკის”, “ტოტენჰემის” და “როსტოვის” ღირსებას იცავდა. 1999 წლიდან, მის ანგარიშზე 114 სანაკრებო თამაშია. ეროვნულ გუნდში მეკარემ ბოლოს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.