ბრიტანულ კლუბებში მოთამაშე ქართველ კვაჭებს, შაბათ-კვირას ინგლისის ავივა-პრემიერშიპისა და გაერთიანებულ კელტების ლიგის გასულ ტურში მონაწილეობა არ მიუღიათ.
პრემიერშიპის მე-7 ტურში ჯაბა ბრეგვაძის “ვუსტერ ვორიორსი” “ბათს” ეწვია, 14:21 დამარცხდა და პრემიალური ქულა ჩაიწერა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი, 11 ქულით მე-10 ადგილზეა (12 გუნდში) და 2 იანვარს “ჰარლექუინსს” მასპინძლობს.
კელტების ლიგის შოტლანდიურ დერბიში, შალვა მამუკაშვილის “გლაზგო ვორიორსი” “ედინბურგს” ეთამაშა და 11:23 დამარცხდა. მამუკაშვილი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი გამარჯვების შანსს დაახლოებით მე-60 წუთამდე ინარჩუნებდა, ამ დროისთვის 11:13 აგებდა, მაგრამ მერე ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაუშვა და პრემიალური ქულაც ვერ აიღო. “გლაზგოს” ერთი თამაში გამოტოვებული აქვს, 9 შეხვედრაში 26 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილზეა. 2 იანვარს გლაზგოელები “ედინბურგს” უკვე საკუთარ მოედანზე დაუხვდებიან.