რაგბი

11:16 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამაშუკელის დიდი ნაბიჯი

ქართული რაგბი წინ მიიწევს და არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ მსაჯების დონეზეც. სულ ცოტა ხნის წინ, ორი ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე ევროპულ არენაზე გამოჩნდნენ, მერე მათ ირლანდიაშიც იმსაჯეს ადგილობრივ ჩემპიონატში, ახლა კი, ერთ-ერთი მათგანი, უკვე მსოფლიო დონის ტურნირზე მიიწვიეს.

საუბარია 21 წლის ნიკა ამაშუკელზე, რომელიც 2016 წელს ორ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას - 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის ელიტის შემდგომ, პირველლიგაში, ის მთავარი მსაჯი იქნება, ხოლო 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატის “ალაფაზე” ამ ეტაპზე გვერდითი მსაჯის სტატუსით გამოჩნდება, რაც ასაკის გათვალისწინებით, სერიოზული აღიარებაა.

ნიკა ამაშუკელი: “ახლახანს მივიღე ოფიციალური ინფორმაცია 2016 წლის ტურნირებზე დანიშვნებთან დაკავშირებით და უზომოდ გახარებული ვარ. 27 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, ანდორაში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის თამაშები ტარდება და პატრიკ რობენმა იქ მთავარ მსაჯად დამნიშნა. მთავარი და უფრო მნიშვნელოვანი ამბავი კი ისაა, რომ მიწვეული ვარ 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფაზე”, რომელიც 14 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლის ზიმბაბვეში გაიმართება. იქ სამოას, ფიჯის, კანადის 20-წლამდელთა ნაკრებები ითამაშებენ და უმაღლესი დონის ტურნირი იქნება. ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ამ მიწვევას ნამდვილად არ ველოდი და ძალიან გახარებული ვარ.

- “ალაფაზეც” მთავარი მსაჯი იქნებით?

- არა, “ალაფაზე” კიდის მსაჯად ვარ მიწვეული, მაგრამ როგორც ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა მითხრეს, 21 წლის ასაკში ესეც დიდი მიღწევაა. “ალაფისთვის” მსაჯები ზაფხულში, სამხრეთ აფრიკაში გამართული სემინარის შემდეგ შეირჩა. იქ სხვადასხვა ქვეყნის 12 მსაჯი ვიყავით ჩასული, გვქონდა ტესტირებები და სწავლებები და იმ ჯგუფიდან 4 გამოგვარჩიეს, რომლებიც ზიმბაბვეში მივემგზავრებით. აღსანიშნავია, რომ “ალაფაზე” ჩვენი მენეჯერი ცნობილი მსაჯი ალან როლანი იქნება.

- ცოტა ხნის წინ თქვენ ირლანდიაში იყავით, სადაც ორი თამაში იმსაჯეთ და “ალაფაზე” მიწვევა ამის შედეგია?

- არა. დუბლინში პირველი დივიზონის ორი თამაში, ორივე ცენტრში ვიმსაჯე და ირლანდიელები ჩემი და შოთას მუშაობით კმაყოფილი დარჩნენ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ევროპის ჩემპიონატზე მიწვევაში მათმა რეკომენდაციამ დიდი როლი ითამაშა, “ალაფაზე” კი, მსოფლიო რაგბიმ სამხრეთ აფრიკის კურსების შემდეგ დამიძახა.

- ირლანდიის შიდა ჩემპიონატსა და საქართველოს ჩემპიონატს შორის დიდი სხვაობაა?

- საქართველოსა და ირლანდიის ჩემპიონატებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და უწინარესად, ეს სხვაობა მიდგომაში გამოიხატება. იქ თამაშით მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენ, ხოლო ჩვენთან უფრო მეტად მოგება-წაგებაზე ფიქრობენ. შედეგად, ირლანდიაში საყურებლადაც უკეთესი თამაში გამოდის, დონეც უფრო მაღალია და მსაჯიც სიამოვნებას იღებს. მეორე თამაში რომ ვიმსაჯე, მეორე ტაიმში ვფიქრობდი, რომ მოედანზე საერთოდ ზედმეტი ვიყავი. რა უნდა დამესტვინა არც კი ვიცოდი, მოთამაშეები თვითონ აკეთებდნენ ყველაფერს.

0.1236