ფეხბურთი

21:32 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბენდელას თასი” “საბურთალომ” მოიგო

დასრულდა აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის სახელობის ტურნირი – “ბენდელას თასი” 2004 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის. ჩემპიონი გახდა “საბურთალო”, რომელმაც ფინალში “დინამოს აკადემიას” 4:1 სძლია. ტურნირზე 12 გუნდი მონაწილეობდა. მესამეადგილოსანი გახდა აბაშის “ზანა”, რომელმაც “მცირე ფინალში” “საბურთალო 2”-ს პენალტების სერიაში მოუგო.

ტურნირის ყველა მატჩი წუთიერი დუმილით იწყებოდა. საზოგადოება პატივს მიაგებდა ზაზა ბენდელიანის, “ბენდელას თასის” დამაარსებელ ქართლოს ჭუმბურიძის, ბესო ხარძიანის, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანის რევაზ მგელაძისა და რამდენიმე დღის წინ დაღუპული დავით პეტრიაშვილის ხსოვნას.

ფინალს რაც შეეხება: “ბენდელას” სტადიონზე მართლაც სასიამოვნო საყურებელი თამაში გაიმართა და გულშემატკივრებიც მრავლად იყვნენ. პირველ ტაიმში “საბურთალო” 3:0 დაწინაურდა და მეორე ტაიმის წინ უკვე სოლიდური ჰანდიკაპი ჰქონდა. შესვენების შემდეგ კი გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს.

დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე და სხვები. მათ პრიზიორი გუნდები და ასევე გამორჩეული ფეხბურთელები დააჯილდოვეს “საბურთალოს” აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშია და სახალისო ღია ფეხბურთის სკოლების წარმომადგენელ ბადრი ქარქაშაძესთან ერთად.

როგორც წინა წლებში, ტურნირი ამჯერადაც “იბერია ბიზნეს ჯგუფის” დახმარებით გაიმართა, თუმცა გვერდში ედგნენ სფფ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის ფეხბურთის ფედერაცია და ასევე კლუბი “საბურთალო”. სპონსორებიც საკმაოდ იყვნენ.

საუკეთესო მეკარე - გიორგი ლომაია (ზანა)

საუკეთესო მცველი - მუხრან ბაგრატიონი (დინამო)

საუკეთესო ნახევარმცველი - სანდრო გაფრინდაშვილი (საბურთალო)

საუკეთესო თავდამსხმელი - ჯაბა იობაშვილი (დინამო)

ბომბარდირი - საბა დვალი (საბურთალო). ფინალში დუბლი შეასრულა.

საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა წულუკიძე (საბურთალო). ფინალში მშვენიერი გოლი გაიტანა ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ.

ტურნირის აღმოჩენა - ლევან კობახიძე (დინამო)

საუკეთესო მწვრთნელი - დავით ხიტირი (საბურთალო)

მაყურებელთა სიმპათია, ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის პრიზი - გიორგი ლობჟანიძე (საბურთალო).

ტექნიკური ფეხბურთელი დავით პეტრიაშვილის სახელობის პრიზი - ლუკა მამულაშვილი (საბურთალო). მან ფინალში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ ყველაზე მებრძოლ გუნდს "საბურთალო-ბენდელას" სპეციალური თასი გადასცა. "ჯეოსელმა" კი ტურნირის ყველაზე ნორჩ ორგანიზატორს პატარა კახა ჭუმბურიძეს ტელეფონი GALAXI 5 უსახსოვრა. ქართლოს ჭუმბურიძის ოჯახის მიერ დაწესებული პრიზი საბურთალოელ ნიკა გუჯეჯიანს ერგო.

0.12109