საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სასტუმრო ,,რედისონ ბლუს ივერიაში’’ წლის შემაჯამებელი სესია ჩაატარა, რომელსაც სეოკისა და ქართული სპორტის მაღალ ჩინოსნებთან ერთად მოწვეული სტუმრები და მასმედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სესიას სეოკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი უძღვებოდა.
სეოკმა თავისი ვერსიით 2015 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) დაასახელა.
2015 წლის თბილისის ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებასა და ჩატარებისათვის სეოკის ორდენით ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სეოკის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ლერი ხაბელოვი და თბილისის ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ახვლედიანი დაჯილდოვდნენ.
სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ ხეჩიკაშვილის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი ლოდია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი , ვეტერანი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე და მოქანდაკე გიორგი ვარდოსანიძე, რომელსაც სპორტთან დაკავშირებით უამრავი ნაშრომი აქვს შექმნილი.
თბილისი-2015-ის ფესტივალის ორგანიზებასა და წარმატებით ჩატარებაში თავგამოჩენილი პირები, ფესტივალის მონაწილე რვა ფედერაციის პრეზიდენტი: დავით ქევხიშვილი (ძიუდო), მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთი), ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი), დავით რურუა (საწყლოსნო სახეობათა ფედერაჩია), ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი), ზურაბ კაკაბაძე (ხელბურთი), კონსტანტინე ლაშხი (ტანვარჯიში), ირაკლი ჩაჩუა (ფრენბურთი) და 2016 წლის რიო დე ჟანეიროს (ბრაზილია) ზაფხულის ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელი სპორტსმენები სეოკის მედლებთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკ ის მიერ მოჭრილი ვერცხლის მონეტებით დააჯოლდოვეს.
სესიამ დაამტკიცა, რომ თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ფესტივალი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.
რაც შეეხება 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადას, მისთვის მზადება და სპორტსმენების მიერ ლიცენზიების მოპოვება გრძელდება.
,,2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც 5-21 აგვისტოს ჩატარდება , სარეკორდო - 206 ქვეყნის 1100 ათასამდე სპორტსმენი გამოვა. საქართველოში ამ ოლიმპიადის გაშუქების უფლება სამაუწყებლო არხმა შეიძინა.’’- თქვა ელგუჯა ბერიშვილმა.
ლერი ხაბელოვი: “საქართველოსთვის 2015 სპორტის წელი იყო, რადგან მისმა დედაქალაქმა ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა, როგორიც ახალგაზრდული ფესტივალია. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 44-ე სესიამ თბილისი -2015 მაღალი შეფასება მისცა. ამჟამად გვაქვს 19 ლიცენზია. ვაპირებთ დაახლოებით 35- 37 ლიცენზიის მოპოვებას.
აქვე მინდა განვაცხადო, ჩემმა წინამორბედმა (გია ნაცვლიშვილი) ვალად 300 ათასი ლარი დაგვიტოვა, რომელიც ჯერაც ვერ გაგვისტურებია’’.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: “კინკლაობის და დაპირისპირების დრო წარსულს ჩაბარდა და ახლა საქმეს უნდა მივხედოთ. წარმატებები გვაქვს კალათბურთში, ჭადრაკში, რაგბში, მშვილდოსნობაში... იმედია, მათ სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებიც მიბაძავენ. სახელმწიფოში სპორტი გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტი. მადლობა მთავრობის ყოფილ მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილის და თბილისის მერიას...“
დავით ქევხიშვილი: “ხუთ წ ონით კატეგორიაში არაოფიციალურად ლიცენზიები განაღდებული გვაქვს. პრობლემები გვაქვს 66 კგ და 100 კგ წონით კატეგორიებში. იმედია, აქაც მოვიპოვებთ ლიცენზიას და რიო დე ჟანეიროში სრული შემადგენლობით გავემგზავრებით...“
მანუჩარ კვირკველია ( ჭიდაობის სახეობათა ფედერაცია): ,,თავისუფალ ჭიდაობაში 4 ლიცენზია ავიღეთ, მათთან ერთად სხვა ქართველ ლიცენზიანტებსაც ვულოცავ ამ წარმატებას.
წელს სულ პრობლემები გვაქვს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. პრობლემის მოგვარების მიზნით განზრახული გვაქვს წამყვანი ქვეყნების გუნდები ჩამოვიყვანოთ თბილისში და ერთობლივი ვარჯიშები ჩავატაროთ. ვეცდებით, რომ მინიმუმ სამი ლიცენზია მაინც მოვიპოვოთ. ამ წელს ჩვენმა ფედერაციამ მთლიანობაში 32 მედალი მოიპოვა -16 ოქრო, 10 ვერცხლი, 6 ბრინჯაო“.