“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის და ბრიტანელი ჟურნალისტების ურთიერთობა ყოველდღიურად უარესდება. როგორც ცნობილია, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ბოლო პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ არ სურს იმ ხალხის კითხვებს უპასუხოს, ვინც მას მანჩესტერელთა მწვრთნელად აღარ მიიჩნევს. გარდა ამისა, ვან გაალმა ჟურნალისტებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმად, მწვრთნელს უახლოეს ტურებში “სტოკ სიტისთან” და “ჩელსისთან” წაგების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაითხოვენ.
“იუნაიტედის” თავკაცის მოთხოვნას ირონიული განცხადებით გამოეხმაურა გამოცემა The Sun-ი:
“ვან გაალი ჩვენგან ბოდიშს ითხოვს, ჩვენ კი ვწუხვართ... ვწუხვართ, რომ არ მოგიგიათ უკვე ექვსი მატჩი. ვწუხვართ, რომ პირველიდან მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდით. ვწუხვართ, ჩემპიონთა ლიგას რომ გამოეთიშეთ. ვწუხვართ, ფეხბურთის მოყვარულები საშინლად მოწყენილები რომ არიან, როცა თქვენს თამაშს უყურებენ. ვწუხვართ, რომ ამ ყველაფერზე 250 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯეთ და ვწუხვართ “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრების გამო, რადგან თქვენ ჯერ კიდევ რჩებით გუნდის მწვრთნელად” - ნათქვამია The Sun-ის განცხადებაში.