ქართველი ჩოგბურთელები სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე თურქეთის ქალაქ ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებენ.
ქართველები ბრძოლაში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაებნენ. მე-2 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ გერმანელი კატარინა იაკობი 6:3, 6:1 დაამარცხა და ახლა, მე-7 რეიტინგის მქონე ბელგიელ დებორა კეფრს გაეჯიბრება.
რაც შეეხება მე-3 ნომრად მიჩნეულ გორგოძეს, მან კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ იპეკ ოზს (თურქეთი) 6:3, 6:3 მოუგო და მეოთხედფინალში რუს ამინატ კუშკოვას ეთამაშება. ამ უკანასკნელს მე-6 განთესვა გააჩნია.
ისიც ვთქვათ, რომ წარმატების შემთხვევაში, ქართველი გოგონები ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.