კალათბურთი

0:03 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე იოკიჩის შემცვლელია?
სერბეთში ნიჭიერ ქართველზე ალაპარაკდნენ

“მეგა ლეკსს” ნიკოლა იოკიჩის შემცვლელი მივუყვანე”, - ეს განცხადება ცნობილმა სერბმა საკალათბურთო აგენტმა მიშკო რაზნატოვიჩმა გააკეთა, ჩვენთვის სასიხარულო კი ისაა, რომ საქმე ნიჭიერ ქართველ ფორვარდ გოგა ბითაძეს (სიმაღლე 209 სმ.) ეხება.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის ბითაძე თბილისის “ვითადან” “მეგა ლეკსში” დეკემბრის დასაწყისში გადაბარგდა და სერბულ პრესაში მალევე გაჩნდა ცნობები, რომ ბელგრადულმა კლუბმა დიდი ტალანტის მქონე ქართველი შეიმატა.

და ვინ არის იოკიჩი, რომელსაც გოგას ადარებენ? ის 19 წლის სერბი ცენტრია, რომელმაც გასული სეზონი სწორედ “მეგა ლეკსში” დაასრულა, ამჟამად კი, უკვე ნბა-ში, კერძოდ კი, “დენვერ ნაგითსში” ირჯება და სადებიუტო სეზონის კვალობაზე, სოლიდური სათამაშო დრო აქვს.

ნიკოლა მოედანზე საშუალოდ 18.4 წუთის განმავლობაში ჩნდება, უკვე ჩატარებულ 27 შეხვედრაში კი მისი საშუალო მონაგარი 8.6 ქულა, 5.4 მოხსნა და 1.1 პასია. ცხადია, თუკი ბითაძეც მის გზას დაადგება, ეს, ქართული კალათბურთისთვის დიდი წარმატება იქნება.

გასაკვირი არაა, რომ ჯერჯერობით, გოგას “მეგა ლეკსის” ძირითად გუნდში არ ათამაშებენ. სამაგიეროდ, ის, პარალელურად ორ ტურნირზე, სერბეთის კადეტთა და იუნიორთა ლიგაში ირჯება.

ბითაძემ ახალი გუნდის მაისურით პირველი მატჩი კადეტთა ლიგაში ჩაატარა და “ბორაცთან” მოგებულ (90:53) მატჩში 12 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

რამდენიმე დღეში ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის გუნდმა “ზდრავლიესთან” 97:71 იმარჯვა, გოგას მონაგარი კი 8 ქულა და 6 მოხსნა იყო.

მოგვიანებით, კრაგუევაცში ჩასულმა “მეგა ლეკსმა” “რადნიჩკის” 80:74 სძლია, ბითაძემ კი სტუმრებს 4 ქულა და 8 მოხსნა შეაშველა.

“ბორაცთან” უკვე იუნიორთა ლიგაში ჩატარებულ შეხვედრაში ბელგრადელებმა 88:86 მოიგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი 8 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.

გაცილებით იოლად წარიმართა კადეტთა ჩემპიონატში “ზვეჩანთან” მოგებული (82:60) მატჩი, რომელშიც გოგას მაჩვენებლები ასეთი იყო – 7 ქულა, 5 მოხსნა.

უკვე 20 დეკემბერს, “მეგა ლეკსს” დასანანი მარცხი შეემთხვა იუნიორთა ლიგაში, სადაც “პარტიზანთან” პრინციპული დერბი 77:78 წააგო. ბითაძის მონაგარი 11 ქულა და 4 დაფარება იყო.

ამ დროისთვის, ბითაძის კლუბს კადეტებში 9 მოგებით და 1 მარცხით მე-2 ადგილი უკავია და მხოლოდ “ცრვენა ზვეზდას” ჩამორჩება, იუნიორებში კი 7 გამარჯვებით და 3 წაგებით, “ბორაცთან” და “სლოდესთან” ერთად, მეორე-მეოთხე პოზიციებს იყოფს.

0.220833